თამაზ მეჭიაურის პარტია

ლალი მოროშკინა, სანდრო ბრეგაძე, ჯემალ სეფიაშვილი - მეჭიაური პარტიას ქმნის

ლაშა ბერულავა

ქართული ოცნების ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და პარტიის შექმნას აანონსებს, რომელსაც "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" ერქმევა.

მეჭიაურის გუნდში იქნებიან სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე და მოძრაობა ეროვნულების დამფუძნებელი სანდრო ბრეგაძე, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი დავით ფაცაცია, ასევე ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი. ამასთან, მეჭიაური პარტიაში გაწევრიანებას სთავაზობს ბიზნესმენ ლევან ვასაძეს.

"მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ ჩვენ არ ვიქნებით დამოკიდებული გარედან არცერთი ქვეყნის ჩარევაზე. არც დასავლეთიდან, არც ჩრდილოეთიდან და არც ნებისმიერი მიმართულებიდან",- ამბობს მეჭიაური. თუმცა, მისივე თქმით, პარტია ითანამშრომლებს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთთან.

მეჭიაური ამბობს, რომ პარტიის საქმიანობა ტრადიციების შენარჩუნებისკენ იქნება მიმართული. მისი პოლიტიკური გაერთიანება ასევე ითანამშრომლებს "მეგობარ პარტიებთან".

თამაზ მეჭიაურის თქმით, მისი პოლიტიკური გაერთიანება მმართველ გუნდს ეწინააღმდეგება საგარეო კურსთან მიმართებით, ასევე იმაში, რომ ქართულმა ოცნებამ სამართლიანობის აღდგენა სათანადოდ ვერ მოახერხა.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, თამაზ მეჭიაურის პარტია ამას ბიზნესმენებისგან ელოდება.

კომენტარები