ერაყელმა სამხედროებმა ISIS-ის მიერ დაკავებული ქალაქი ფალუჯის დაბრუნება დაიწყეს

Reuters

ერაყის სამთავრობო სამხედრო ძალებმა ქალაქ ფალუჯის დასაბრუნებლად შეიარაღებული თავდასხმა დაიწყეს. ქალაქში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. გავრცელებული ცნობებით, შეტევა სამი მიმართულებით ხორციელდება, ჯარის დიდი ნაწილი კი უკვე ქალაქშია შესული. ამას გარდა, ფალუჯის დასაბრუნებლად, საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს აშშ-ის კოალიცია და ერაყის ავიაცია.

ქალაქი ფალუჯი 2014 წლის იანვრიდან, ტერორისტულ დაჯგუფება ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს აქვს დაკავებული.

ერაყის სამხედრო ძალებმა ქალაქის დაბრუნების სპეცოპერაცია უკვე ერთი კვირაა დაიწყეს. ერაყის შეიარაღებული ძალები, პირველ რიგში, ქალაქის მიმდებარე სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებდნენ ტერორისტებისგან. სპეცოპერაციის დაწყებამდე ერაყის ხელისუფლებამ მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში 50 000-მდე მოქალაქე მაინც დარჩენილია. ევაკუაცია კი მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ოჯახმა მოახერხა. ქალაქში დარჩენილები შიმშილის ზღვარზე არიან მისული.

კომენტარები