მთავრობა 169 საწარმოს მმართველია - მათ შორის ორი მეფრინველეობის ფერმაა

wordpress.com

საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში ორი მეფრინველეობის ფერმა შედის, ამის შესახებ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების სიიდან გახდა ცნობილი. 25 მაისის მდგომარეობით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაშია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 169 საწარმო. ეკონომიკის სამინისტრო მათ რაოდენობას ეტაპობრივად ამცირებს, თუმცა ისეთი საწარმოების რაოდენობა, რომლებიც ბიუჯეტისთვის მხოლოდ ხარჯს წარმოადგენს, კვლავ დიდი რჩება. 

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი - 60 - სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს, მათ შორისაა: "ფიფიას საავადმყოფო", "ინფექციური პათოლოგიების ცენტრი" და სხვა. 18 კი - სოფლის მეურნეობის სფეროშია ჩართული. სოფლის მეურნეობაში არსებული საწარმოებიდან რამდენიმე ღვინის ქარხანაა, ესენია: "შპს უნიონი", "ცაგერის ღვინის ქარხანა" და "ორბელის ღვინის ქარხანა". მეფრინველეობის სფეროში კი სახელმწიფო ორ კომპანიას "სს თეკოს" და "სს ბროილერს" ფლობს. 14 საწარმო სახელმწიფოს კუთვნილი სამშენებლო კომპანიაა, მაგალითად, "შპს თბილგვირაბმშენი", "შპს მშენტექნიკოსი". 12 საწარმო მრეწველობის დარგში ოპერირებს, მაგალითად, "შპს ელმავალმშენებელი", თუმცა სახელმწიფოს წილი ამ უკანასკნელში მხოლოდ 12%-ს შეადგენს. 

საბაზრო ეკონომიკის პირობებში უფრო ეფექტურია, რომ სახელმწიფომ ქარხნები თავის საკუთრებაში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეინარჩუნოს. მაშინ როდესაც სახელმწიფო აარსებს კომპანიებს ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა ან მშენებლობა, ის გადასახადთა გადამხდელთაგან მიღებული დაფინანსებით კერძო ბიზნესთან შედის კონკურენციაში. ასეთ კომპანიებს საჯარო სექტორისგან განსხვავებით ანაზღაურების ზედა ჭერზე ლიმიტები არ აქვთ დაწესებული, მათ ასევე კერძო ბიზნესისგან განსხვავებით, "არაეფექტური მართვის ფუფუნება" აქვთ. თუკი კერძო ბიზნესი საარსებოდ ვალდებულია, ხარჯები ეფექტურად გასწიოს, სახელმწიფო საწარმოები ხშირად სრულიად არაეფექტურ მართვის სტრატეგიებს ირჩევენ, რადგანაც ხშირად აქვთ გარანტიები, რომ სახელმწიფო მათ ხარჯებს ნებისმიერ შემთხვევაში დაფარავს. 

კომენტარები