მკვლელობა

გაბაშვილი ე.წ. საზღვართან მკვლელობაზე: სპეცსამსახურის მიერ გმობა არსად მინახავს

გოკა გაბაშვილი
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი საოკუპაციო ხაზთან რუსი ე.წ. მესაზღვრის მიერ ქართველი მამაკაცის მკვლელობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაქციას ეხმაურება. აღსანიშნავია, რომ სუს-მა მომხდარი დაგმო. გაბაშვილმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"საერთოდ არსად მინახავს, სპეცსამსახურს ასეთი ფაქტი დაეგმო. სპეცსამსახურის ამოცანაა პრევენცია, რეაგირება, მოქმედება, დანაშაულის გამოვლენა, საქმის კეთება და არა გმობა. გმობით ყველა გმობს. საზოგადოება გმობს მით უმეტეს ისეთ დანაშაულს, რომელსაც სჩადის ოკუპანტი. ეს განგრძობადი პრობლემაა. სპეცსამსახური, ძლიერი პოლიცია, სახელმწიფო სამსახურები არ უშვებს ასეთ მოქმედებას. ყურადღებით არის დროებით ადმინისტრაციულ ზოლზე და მოქმედებს, იცავს თავის მოსახლეობას, არის შესაბამისად აღჭურვილი, შესაბამისად გაწვრთნილი. ხელმძღვანელობის დონეზე გვაქვს პრობლემები. ამიტომ ხდება ასე ხშირად ასეთი დანაშაულები და გატაცებები. საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმართვა ძალიან სუსტი რეაქციაა საქართველოს მხრიდან, იდეაფიქსია, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი",-თქვა გაბაშვილმა.

მკვლელობასთან დაკავშირებით სუს-მა შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას",- წერია განცხადებაში.

კომენტარები