ავიაკასტროფა

ოლანდი: EgyptAir-ის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

AIRTEAMIMAGES

საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, პარიზიდან კაიროში მიმავალმა EgyptAir-ის თვითმფრინავმა A320-მა, რომელიც რადარებიდან კაიროს დროით 02:45 საათზე გაქრა, კატასტროფა განიცადა. ეგვიპტური მხარე ამას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა, ეგვიპტის ავიაციის სამინისტრო Associated Press-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა მათი ინფორმაციითაც განიცადა და ხმელთაშუა ზღვაში უკვე დაწყებულია მისი ფრაგმენტების ძებნა. ოლანდი არსებულ მდგომარეობაზე ეგვიპტელ კოლეგას აბდელ ფათაჰ ალ-სისის გაესაუბრა და შეთანხმდნენ, რომ თვითმფრინავის გაუჩინარების გარემოებებს ორი ქვეყანა ერთად გამოიძიებს. მათ გარდა გამოძიებაში საბერძნეთიც არის ჩართული.

საბერძნეთის საავიაციო სამსახურის წყაროზე დაყრდნობით AFP წერს, რომ გაუჩინარებული ლაინერი, სავარაუდოდ, ეგეოსის ზღვაში, ბერძნული არქიპელაგის, დოდეკანესის ერთ-ერთ კუნძულ კარპატოსთან ჩავარდა.

დასავლური მედიის ცნობით, თვითმფრინავის გაუჩინარების უკან შესაძლოა, ტერორისტებიც იდგნენ. საფრანგეთის პრემიერმინისტრი, მანუელ ვალსი კი აცხადებს, რომ "ხელისუფლება არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს".

თავდაპირველი ინფორმაციით, თვითმფრინავს გაუჩინარების შემდეგ განგაშის სიგნალი არ გაუგზავნია. თუმცა, EgyptAir-ის წარმომადგენლის თქმით, გაუჩინარებიდან დაახლოებით 2 საათში განგაშის სიგნალი დაფიქსირდა. მათი ვარაუდით, სიგნალი საავარიო რადიოშუქურიდან გამოგზავნეს.

ფრანგული გამოცემა Le Figaro კი, საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ფრანგი გამომძიებლები პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტის პერსონალზე დამატებითი ინფორმაციის შესწავლასაც აპირებენ, იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა აეროპორტის რომელიმე თანამშრომელი ტერორისტულ საფრთხეს. მათივე ცნობით, წარსულში აეროპორტის სხვადასხვა ზონასთან წვდომა რადიკალ სალაფიტებს ჰქონდათ. 2015 წელს კი აეროპორტმა 70-ზე მეტი თანამშრომელი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, რადიკალურობის გამო დაითხოვა.

უკანასკნელი ინფორმაციით, თვითმფრინავში 66 ადმიანი იმყოფებოდა. მათ შორის, 56 მგზავრი, 7 ეკიპაჟის წევრი და 3 დაცვის თანამშრომელი.

რადარებიდან გაქრობის მომენტში, თვითმფრინავი 11 300 მეტრის სიმაღლეზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებოდა.

კომენტარები