სახალხო დამცველი

ნანუაშვილი: მოიმატა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა

მთავარი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ გასულ წელთან შედარებით გაიზარდა პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სახალხო დამცველთან შემოსული განცხადებების რაოდენობა. ჩვენს მიერ პროკურატურაში გასულ წელს გაგზავნილი იყო 11 ასეთი წინადადება გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რომელიც უკავშირდება არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. წინა წელთან შედარებით ეს არის გაზრდილი - 2014 წელს იყო 7 შემთხვევა, ხოლო 2015 წელს ეს რაოდენობა გაიზარდა 11-მდე. ამ კუთხით განსაკუთრებით რამდენიმე განყოფილებაში და რამდენიმე სამმართველოში მდგომარეობა იყო კრიტიკული. მაგალითად, ქობულეთის მთავარი სამმართველო, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით იყო რამდენიმე პირი ნაცემი და, სამწუხაროდ, დღემდე არ არის ეს საქმე გამოძიებული. ასევე ფიქსირდება დარღვევები რამდენიმე რეგიონალურ განყოფილებაში, მათ შორის გურიაში, სამეგრელოში, კახეთში, იმერეთში, თბილისის რამდენიმე განყოფილებაში იყო სერიოზული პრობლემები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საზოგადოებისთვის იყო ადვკატის ცემის ფაქტი და ამაზე წერია ანგარიშშიც. ასეთი ფაქტები იყო გახშირებული გასული წლის განმავლობაში. ჩემი ინფორმაციით და შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე გამოძიება არ არის ეფექტური. ამ 11 კონკრეტული შემთხვევიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა ბრალის წაყენება კონკრეტული დამნაშავის მიმართ, საუბარია ადვოკატის ცემის შემთხვევაზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმარისი მტკიცებულებები, იყო სამედიცინო ჩანაწერები, ასევე მოწმეებისა და სხვადასხვა ადამიანების ჩვენებები, სამწუხაროდ, გათვალისწინება არ მოხდა. გამოძიება მიმდინარეობს, ანუ ჩვენი რეკომენდაცია გათვალისწინებულია, თუმცა დღემდე არ არის ბრალი წარდგენილი სხვა მსგავს შემთხვევებში კონკრეტული პოლიციელების მიმართ. მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ არსებული სისტემის შეცვლა არის აუცილებელი, მნიშვნელოვანია, შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც სწორედ ასეთ ფაქტებს გამოიძიებს.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

კომენტარები