საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგაინიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. მათ პრეზიდენტს ცვლილებებთან დაკავშირებით მოსაზრებები გააცნეს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა ცვლილებებს ხელი დროულად უნდა მოაწეროს, რათა კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში მალევე გაასაჩივრონ.
"საკონსტიტუციო სასამართლო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იქცა გამაღიზიანებელ ინსტიტუტად, რომელიც ცდილობს, ეფექტურად გააკონტროლოს მათი საქმიანობა და შეუნარჩუნოს მათ საქმიანობას კონსტიტუციური ფარგლები. ბევრი მექანიზმის გამოყენება სცადა ჩვენმა ხელისუფლებამ - ეს იყო გარკვეული ზეწოლა მოსამართლეებზე, ეს იყო მათთან კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენება, აქციები მათ წინააღმდეგ. ვეტოს გამოყენება ისევ დატოვებს ამ პროცესს პოლიტიკურ ჭრილში და ის მაინც დაიძლევა, ამიტომ ბევრად სწორი იქნება, პრეზიდენტმა ვეტო არ დაადოს კანონპროექტს, თუმცა, მანამდე მოგვცეს გარკვეული დრო არასამთავრობო ორგანიზაციებს, სრულად დავამუშავოთ საკითხი, რათა სრულყოფილად სამართლებრივად სწორი პოზიციით წავსდგეთ სასამართლოს წინაშე", - ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანლმა ვახუშტი მენაბდემ კი, აღნიშნულ ცვლილებებს სასამართლოზე შურისძიება უწოდა.
"ცხადია, პარლამენტის მიერ მიღებული ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ და ასევე მისაღებ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ეს უკვე იკითხება კანონის შინაარსიდან, რომელიც ეხება ხმების განაწილებას, პლენუმს, ნორმის შეჩერებას და ა.შ. ეს ცვლილებები, ფაქტობრივად, არის საკანონმდებლო ხელისუფლების შურისძიება სასამართლოზე", - თქვა ვახუშტი მენამდემ.
გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს თუ ვეტო დაადოს ცვლილებებს, ყველა მხარესთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.





