17 მაისი

ლგბტ აქტივისტები: ხელისუფლება არ გვიცავს, 17 მაისს ქუჩაში ვერ გამოვალთ

southpaw2305 / flickr

17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) აქტივისტები საჯარო შეკრებას არ გამართავენ, მიზეზს სახელმწიფოს მხრიდან მათთვის უსაფრთხოების გარანტიების ვერ მიცემა წარმოადგენს. ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შსს-ს მინისტრის მოადგილესთან, პრემიერის მრჩეველთან და მერიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ლგბტ აქტივისტთა უსაფრთხოებას ვერ დაიცავდა. 

"2016 წლის 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, აღნიშვნა რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობასთან დავგეგმეთ, რის შესახებაც რამდენიმე კვირით ადრე ვაცნობეთ თბილისის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. შეგახსენებთ, რომ 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში. ეს დღე ეძღვნება ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის პრინციპის, თანასწორობის იდეის გამყარებას, დემოკრატიის განვითარებას და ადამიანის ღირსების პატივისცემას.

საქართველოში 17 მაისი 2011 წლიდან აღინიშნება. 2012-2013 წლებში რელიგიური ექსტრემისტების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის გამო საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული საჯაროდ შეკრების უფლების რეალიზება მოქალაქეებმა ვერ შეძლეს. 2015 წლის 17 მაისს თბილისში გაიმართა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამი აქცია (ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაეროს შენობასთან მრგვალ ბაღში, იუსტიციის სამინისტროს წინ და ვაჩნაძის ქუჩაზე), თუმცა, რუსთაველის გამზირი, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საჯარო სივრცე ლგბტ ადამიანების ხილვადობისა და მათი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებისათვის კვლავ შეუღწევადი დარჩა.

წელს ლგბტ აქტივისტებმა გადავწყვიტეთ, რომ 17 მაისის აღნიშვნა უნდა მომხდარიყო რუსთაველის გამზირზე. ჩვენ შევხვდით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პრემიერ მინისტრის მრჩეველს გენდერის საკითხებში და ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენელს - მოვითხოვეთ ჩვენ მიერ დაგეგმილი საჯარო შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების სათანადო უზრუნველყოფა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ ის მხარდაჭერა, რომელიც მათ საქართველოს კანონმდებლობით ევალებათ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა შემოგვთავაზეს შეკრება ისევ მრგვალ ბაღში ან ჭავჭვაძის გამზირზე; შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა საჯაროდ შეკრების ადგილის სხვა ალტერნატივებიც - პრაქტიკულად, 17 მაისის შეკრების ჩატარება შესაძლებელია თბილისის სხვა ქუჩებში, სკვერებსა თუ ადგილებში, გარდა რუსთაველის გამზირისა. ასევე შემოგვთავაზეს, იგივე შეკრება რუსთაველზე სხვა დროისთვის, 19 მაისისთვის გადაგვედო, რადგან 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით არის დაგეგმილი რამდენიმე აქცია, რაც სამართალდამცავების აზრით, 2013 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის რისკებს აჩენს.

ჩვენი აზრით, ხელისუფლება, მიუხედავად არსებული რისკებისა, ვალდებულია, ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეებს მათ მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას. საჯაროდ შეკრების თვისუფლება გულისხმობს შეკრების მონაწილეების მხრიდან შეკრების ადგილისა და დროს თავისუფლად შერჩევას, სხვა შემთხვევაში ეს აღარ იქნება შეკრების თავისუფლება და უფლებების დაცვა.

ჩვენ კატეგორიულად ვითხოვდით რუსთაველის გამზირზე შეკრების თავისუფლების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების გატარებას, მაგრამ უშედეგოდ - ხელისუფლებამ არ მოგვცა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები. ზემოაღნიშნულის გამო, იძულებულები ვართ, 2016 წლის 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საჯარო შეკრებაზე უარი ვთქვათ და პროტესტის ნიშნად არ დავთანხმდეთ ხელისუფლების შემოთავაზებებს, გავმართოთ აქცია ქალაქის სხვა უბნებში ან ქალაქგარეთ. ვაცხადებთ, რომ დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ლგბტ ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას. ჩვენი აზრით, ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში არის ძალიან მძიმე და ეს ვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ აქტივისტები არ დავთმობთ პრინციპულად მნიშვნელოვან პოზიციებს და არ მივცემთ ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას, რომ შექმნას ილუზია, თითქოსდა ზრუნავს ყველა ჯგუფისა თუ მოქალაქის საჭროებებზე, მაშინ, როდესაც რეალობა შემდეგნაირია: მოქალაქეთა ერთი ჯგუფის სიცოცხლეს ქალაქის მთავარ გამზირზე გამოჩენის შემთხვევაში საფრთხე ემუქრება." - წერია ლგბტ აქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფის განცხადებაში.

კომენტარები