ვახტანგ გომელაურის მოსმენა

პარლამენტში ვახტანგ გომელაურის მოსმენა ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა მეორედ ჩაიშალა. მის გამოსვლამდე საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტის განხილვა იყო დაგეგმილი, რაც დროში გაჭიანურდა და გომელაურმა დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენა ვერ მოახერხა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირმა ნადირაშვილის თქმით, უმრავლესობამ გომელაურის გამოსვლა კანონპროექტის განხილვას სპეციალურად დაამთხვია.

"იციან, რომ მიმდინარე კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იქნებოდა ხანგრძლივი განხილვის საგანი. მათ სპეციალურად შეარჩიეს ეს დღე, რომ გომელაურისთვის კიდევ ერთხელ აეცილებინათ თავიდან ძალიან მნიშვნელოვანი კრიტიკული კითხვების დასმა", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ქართული ოცნების თავჯდომარის, გია ვოლსკის თქმით, საპარლამენტო უმცირესობას გომელაურის მოსმენის ინტერესი არ აქვს.

"პროცედურული ომი გამოაცხადეს, რომ ეს კანონი განხილული არ იქნეს, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი კითხვები, კითხვების გამეორება და ამას პროცედურული ომი ჰქვია. მე ვფიქრობ არავითარი ინტერესი, არც გომელაურის მოსმენის ინტერესი ნამდვილად არ გააჩნიათ. ამ ინტრიგებში გამოცდილ ადამიანებთან ძალიან ძნელია კამათი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წევრი, პავლე კუბლაშვილი არ ფიქრობს, რომ კანონპროექტის განხილვა და გომელაურის მოსმენა სპეციალურად დაამთხვიეს.

ძალიან შორს წავიდოდი, რომ მეთქვა, რომ აი ასეთი შეთქმულების თეორია არსებობს, რომ სპეციალურად დაიგეგმა მნიშვნელოვანი კანონი და დაიგეგმა ამ მოსმენის საკითხი. ვნახოთ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პარლამენტი აუცილებლად მოუსმენს ბატონ გომელაურს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პირველად ვახტანგ გომელაურის მოსმენა კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა.

კომენტარები