საქართველო-NATO

კარპენტერი: ვარშავის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს

მაიკლ კარპენტერი
ამერიკის ხმა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე მაიკლ კარპენტერი ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს. ჟურნალისტმა კარპენტერს ჰკითხა, "ახლახან საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ვარშავაში NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას კი არა, ალიანსის წევრობას მოითხოვს. თქვენთვის გასაგებია [თავდაცვის მინისტრის] განცხადება?"

"ცოტა ხნის წინ ვიცეპრეზიდენტ ბაიდენისა და პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის შესანიშნავ შეხვედრას დავესწარი, სადაც ამ საკითხზეც ისაუბრეს. როგორც მოგახსენეთ, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მათ შორის, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას დავუჭერთ მხარს. ჩვენი შეფასებით, ყოველწლიური სამოქმედო პროგრამისა და თავდაცვის სხვადასხვა პროგრამების სახით, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისათვის ყველა მექანიზმი ხელთ აქვს. ვფიქრობ, პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრსაც ესმით, რომ ვარშავის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, საქართველოს ყველა მექანიზმი გააჩნია, რათა ინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს", - ამბობს კარპენტერი.

კომენტარები