სამინისტრო: მწვანე კონცხზე 2.5 ჰექტარი 1 678 330 ლარად გაიყიდა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მწვანე კონცხზე არსებული 2.5 ჰექტარის მიწის ნაკვეთი 2015 წლის ნოემბერში 1 678 330 ლარად გაიყიდა. მყიდველი შპს ბიზნეს დეველოპმენტია. სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ჭურკვეიძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო ქონება იყო, რომელიც პირობიან აუქციონზე გაიყიდა.

"უძრავი ქონება იყო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება. დაინტერესებული ფირმის ბიზნეს დეველოპმენტის განაცხადის საფუძველზე მოხდა მისი დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შეფასება და გატანილ იქნა პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე. საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზების მოწყობა, კვების ობიექტების მოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. უნდა გაკეთდეს ასევე გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრები. არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს სამი წლის ვადაში. 2015 წლის ნოემბერში გაიყიდა და ნასყიდობის საფასური 1 678 330 ლარია", - ამბობს ჭურკვეიძე. მისივე განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ბოტანიკური ბაღის მომიჯნავედ არ მდებარეობს. როგორც ჭურკვეიძე ამბობს, არც უნივერსიტეტის შენობა გაყიდულა და ის ბათუმის უნივერსიტეტის სარგებლობაშია.

შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ 2015 წლის ივნისში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100% წილს შპს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები“ ფლობს. ეს უკანასკნელი კი, ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორებში კლიენტებს ძირითადად იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრების ცნობით, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მწვანე კონცხზე ბათუმი პანორამას გაშენებას აპირებს.

კომენტარები