გამორიყული ხეები

აგულაშვილი: ხეებზე ინიციატივა მათზე ხელმისაწვდომობის გამარტივებას უკავშირდება

გიგლა აგულაშვილი
ტაბულა

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ე.წ. გამორიყული ხის კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. მისი თქმით, ინიციატივა მოქალაქეების საშეშე მერქნით უზრუნველყოფას და მათთვის ხელმისაწვდომობის გამარტივებას უკავშირდება.

"ჩვენ ვეძებთ გამოსავალს იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, თანამემამულეებს არ ჰქონდეთ პრობლემა საშეშე მერქნით უზრუნველყოფაში. ამისთვის, გარდა სხვა ინიციატივებისა, გადავწყვიტეთ, აღვრიცხოთ, სად შეიძლება იყოს დამატებითი რესურსები. მათ შორის ერთ-ერთი რესურსი აღმოვაჩინეთ, რომ არის ქარტეხილის, წყალდიდობის ან სხვა სტიქიური მოვლენების დროს მდინარის მიერ ჩამოტანილი საშეშე მერქანი, რომელიც ხეობებში გროვდება ხოლმე. შემდეგ, სამწუხაროდ, ხმება და ლპება იმის გამო, რომ არ არსებობს რეგულაცია და იმის გამო, რომ საშეშე მერქნის გადაადგილებას და ტრანსპორტირებას სჭირდება სათანადო დოკუმენტები, ნებართვები. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მოისურვებდა მდინარის კალაპოტიდან მოეპოვებინა საშეშე მერქანი, შეიძლებოდა, დაჯარიმებულიყო.

ჩვენი ინიციატივა გულისხმობს პროცედურის გამარტივებას, ხელმისაწვდომობის გაჩენას ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ მდინარის კალაპოტში არსებული 12 სმ-მდე დიამეტრის რესურსი, რომელიც საშეშე მერქნად უნდა იქნას გამოყენებული, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომ გადასახადების გარეშე მოიპოვოს. ამ შემთხვევაში, ის არ გადაიხდის მოსაკრებელსაც კი. იმისთვის, რომ ბრაკონიერების ხელში არ გაჩნდეს უკანონო ქმედების ახალი ინსტრუმენტი 12 სმ-ზე ზემოთ დიამეტრის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქე, მსურველი, რომ ეს რესურსი მოიპოვოს, შეატყობინებს ეროვნულ სატყეო სააგენტოს ცხელ ხაზზე. შეტყობინების შემდეგ, ეროვნული სატყეო სააგენტო აღრიცხავს და შესაბამის ფირნიშს მიანიჭებს ამ რესურსს, შესაძლებლობა გაჩნდება, რომ მოპოვებული იქნას ეს რესურსი. ამ შემთხვევაში, ე.წ. ამ ოპერაციის დაფირნიშების ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ 3 ლარი იქნება გადასახდელი ერთ კუბურ მეტრზე და ამავე დროს ეროვნული სატყეო სააგენტო საკუთარი ძალებითაც აღწერს და გამოიტანს, დაასაწყობებს მას და მუნიციპალიტეტებთან ერთად გამოიყენებს ამ რესუსრსს მხოლოდ და მხოლოდ სოციალური მიზნებისათვის ანუ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან მუნიციპალიტეტებში, როგორც სოციალურად დაუცველები და, შესაბამისად, ამ მექანიზმით მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ მიიღონ საშეშე მერქანი", - განმარტა აგულაშვილმა. 

რაც შეეხება ინფორმაციას 200-ლარიან ჯარიმაზე გამორიყული ხის მასალის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით, მინისტრის თქმით, "არ არის რაიმე ახალი ჯარიმა. ჩვენ არ შემოგვაქვს ახალი ჯარიმა, ახალი ადმინისტრაციული სასჯელი არ შემოგვაქვს. ყველა სანქცია არის ის, რაც დღეს მოქმედებს. ვამბობ და შეგიძლიათ ეს ნათქვამი გადაამოწმოთ, ადმინისტრაციულად არაფერი არ დაგვიმძიმებია".

კომენტარები