ვერა სავჩენკოს დაკავება

ნადეჟდა სავჩენკოს და, რომელიც გუშინ რუსეთში დააკავეს, უკვე უკრაინაში იმყოფება

Ria Novosti

უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს და, ვერა სავჩენკო თავის facebook-ის გვერდზე წერს, რომ მან უკრაინის საზღვარი უკვე გადაკვეთა. სავჩენკო უკრაინის საკონსულოს მადლობას უხდის. ინფორმაცია Twitter-ის საშუალებით დაადასტურა პრეზიდენტმა პოროშენკომაც. მას როსტოვში უკრაინის გენერალურმა კონსულმა შეატყობინა, რომ ვერა სავჩენკო უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.

ვერა სავჩენკო გუშინ რუსეთში, უკრაინის საზღვართან საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მაშინ დააკავეს, როდესაც ის უკრაინაში დაბრუნებას დიპლომატიური მანქანით ცდილობდა.

ევროპის საბჭოში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, დმიტრი კულებას თქმით, ვერა სავჩენკომ და უკრაინის კონსულმა მანქანაში თავი ჩაიკეტეს მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა სავჩენკოს პასპორტი ჩამოართვეს და შეატყობინეს, რომ ის რუსეთის ფედერაციის მიერ "ჩეჩენი მოსამართლის შეურაცხყოფისთვის" იძებნებოდა. კულებას თქმით, რუსი მესაზღვრეები ავტომობილის დიპლომატიურ ნომრებს ყურადღებას არ აქცევდნენ და საზღვარზე არ ატარებდნენ.

 

ცნობისთვის, გასულ ოთხშაბათს ვერა სავჩენკომ განაცხადა, რომ მის დას უკრაინაში ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტები გადასცეს. გუშინ კი, ადვოკატმა მარკ ფეიგინმა თქვა, რომ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურა დაიწყო, თუმცა მისი თქმით, შესაძლოა ექსტრადაციას 1-2 თვე დაჭირდეს.

უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს რუსულმა სასამართლომ 22 წელი მიუსაჯა. სავჩენკოს ბრალად ედება უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპული ჟურნალისტების მკვლელობა. უკრაინელი მფრინავი ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნადეჟდა სავჩენკოს სანაცვლოდ, ორი რუსი სამხედრო შესთავაზა.

 

კომენტარები