ვერა სავჩენკოს დაკავება

ნადეჟდა სავჩენკოს და "ჩეჩენი მოსამართლის შეურაცხყოფისთვის", რუსეთში დააკავეს

Ria Novosti

უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს და, ვერა სავჩენკო რუსეთში დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა.

"ჩვენი კონსული პოლიციის განყოფილებაშია და მის გასათავისუფლებლად მუშაობს. ამაზე მუშაობს ჩვენი საელჩოც მოსკოვში", - აცხადებს სამინისტრო.

ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატის თქმით, ვერას რუსეთიდან არ უშვებენ, იმის მიუხედავად, რომ ის ქვეყანაში სამშაბათს თავისუფლად შევიდა. 

"სიტუაცია ჯერ-ჯერობით კონტროლის ქვეშ არის, ვერა საკონტროლო გამშვები პუნქტის დიპლომატიური ნომრების მქონე ავტომობილში ზის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია. ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ" - დაწერა ტვიტერზე ილია ნოვიკოვმა.

ადვოკატის თქმითვე, ვერა სავჩენკოს დაკავების მიზეზი, მის მიერ "ჩეჩენი მოსამართლის შეურაცხყოფა იყო".

ცნობისთვის, გასულ ოთხშაბათს ვერა სავჩენკომ განაცხადა, რომ მის დას უკრაინაში ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტები გადასცეს. დღეს კი, ადვოკატმა მარკ ფეიგინმა თქვა, რომ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემის პროცედურა დაიწყო. 

"მივიღე სავჩენკოს განცხადება, რომ ის თანახმაა, სასჯელი მოიხადოს უკრაინაში. ვფიქრობ, რომ დიახ, პროცედურა დაიწყო, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იქნება სწრაფი და შესაძლოა, 1-დან 2 თვემდე დაჭირდეს," - თქვა ფეიგინმა.

უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს რუსულმა სასამართლომ 22 წელი მიუსაჯა და ჯარიმის სახით 30 000 რუბლიც დააკისრა. სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. უკრაინელი მფრინავი ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნადეჟდა სავჩენკოს სანაცვლოდ, ორი რუსი სამხედრო შესთავაზა.

 

კომენტარები