ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახურმა ნოტარიუსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ნოტარიუსი ნუნუ გინტური და მოქალაქე ია იაშვილი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ნოტარიუსმა ნუნუ გინტურმა და მისმა თანამზრახველმა, ია იაშვილმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ერთ-ერთი ბინათმშენებლობის ამხანაგობის თავმჯდომარეს და კიდევ ერთ მოქალაქეს მისცეს პირობა, რომ დაეხმარებოდნენ შეღავათიანი სესხის მიღებაში, რისთვისაც მოტყუებით, სასურველ პირზე გააცემინეს უძრავი ქონების მინდობილობები, მათ შორის, თბილისში, ოჟიოს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის განკარგვის შესახებ.

რეალურად, ბრალდებულებმა სესხის ხელშეკრულების ნაცვლად გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რის შემდეგაც უკანონოდ გაყიდეს აღნიშნული უძრავი ქონება. საერთო ჯამში, დაზარალებულთა მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 604 736 აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით ნუნუ გინტურს ჩამორთმეული აქვს სანოტარო უფლებამოსილება", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები