საქართველო-ევროკავშირი

MDF: უცხო ენების მოხალისე მასწავლებელთა რიცხვი ბოლო წლებში 98%-ით შემცირდა

MDF

მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, უცხო ენების მოხალისე მასწავლებელთა რიცხვი ბოლო წლებში 98%-ით შემცირდა. შესაბამისი ინფორმაცია ფონდის პროექტმა ევრო კომუნიკატორმა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა.

პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს პროგრამაში „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" 31 უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებელი მონაწილეობს. რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, თუ 2010-2011 წლებში პროგრამაში 1500 მოხალისე მონაწილეობდა, 2014 წელს ეს მონაცემი - 132-მდე, 2015 წელს - 94-მდე, ხოლო 2016 წელს 31-მდე შემცირდა.

განათლების და მეცნიერების სამინისტრის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროექტის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" განხორციელება 2010 წელს დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოში ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენის განვითარებასა და ხელშეწყობას. „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ძირითადი მიზანია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის დასავლური და ევროპული კულტურის, ფასეულობებისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ამ კულტურის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთობის გზით.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან პროგრამაში "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" მონაწილეობენ მხოლოდ ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლები.

კომენტარები