აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ტედ კრუზი და ჯონ კასიჩი დონალდ ტრამპის შესაჩერებლად შტატებს იყოფენ

AP

რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატები ტედ კრუზი და ჯონ კასიჩი შიდაპარტიულ არჩევნებში შედეგებით მოწინავე დონალდ ტრამპის შესაჩერებლად შტატებს იყოფენ.

ოჰაიოს გუბერნატორი კასიჩი 3 მაისს ინდიანას შტატში გასამართ პრაიმერიში მონაწილეობას არ მიიღებს, ხოლო ტექსასის სენატორი კრუზი 17 მაისს ორეგონის შტატის, 7 ივნისს კი ნიუ მექსიკოს შიდაპარტიულ არჩევნებს გამოტოვებს.

კრუზისა და კასიჩის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ორ ასეთ გამოცდილ პოლიტიკოსს იმ ადამიანის წინააღმდეგ უწევს გაერთიანება, ვინც პოლიტიკაში 10 თვის წინ მოვიდა.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში ამ უპრეცედენტო შემთხვევის საფუძველი ბიზნესმენ ტრამპის შიდაპარტიულ არჩევნებში აშკარა ლიდერობაა. კრუზისა და კასიჩის გადაწყვეტილებაში დიდი როლი ნიუ იორკის პრაიმერიმ ითამაშა, სადაც დონალდ ტრამპმა შესაძლო 95-დან 89 დელეგატი მოიპოვა.

რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად 1237 დელეგატია საჭირო. ამ ეტაპზე ტრამპს 845 დელეგატი ჰყავს, კრუზს 559, კასიჩს კი 148.

ცნობისთვის, რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები უკვე 34 შტატში ჩატარდა, საიდანაც 21 შტატში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, 9-ში ტედ კრუზმა, 3-ში მარკო რუბიომ, ერთში კი ჯონ კასიჩმა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 8 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები