ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: ივანიშვილი 60-მდე კომპანიას ოფშორებიდან დისშვილის დახმარებით მართავს

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, 60-მდე კომპანია, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას, რეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში და შესაბამისად, არ იხდის გადასახადებს საქართველოში. დღევანდელ ბრიფინგზე გივი თარგამაძემ და ლევან თარხნიშვილმა თქვეს, რომ ათეულობით ოფშორული კომპანია არის საქართველოში რეგისტრირებული ფირმების დამფუძნებელი და ამ ფირმებიდან მიღებული დივიდენდები ისევ ოფშორულ ზონებში მიედინება.

"აქ კიდევ უფრო ნიშანდობლივი არის ის, რომ პირდაპირ ბიძინა ივამიშვილი არც ერთ ამ კომპანიაში არ ფიგურირებს. აღმოჩნდა, რომ უჩა მამაცაშვილი არ არის მისი ერთადერთი საყვარელი ნათესავი, არსებობს კიდევ მისი დისშვილი, კახა კობიაშვილი, რომელზეც მიბმული აქვს მთელი ეს ოფშორული ფირმების უზარამზარი პლასტის მოღვაწეობა. ყველა ეს ოფშორი არის სწორედ კახა კობიაშვილის მონაწილეობით შექმნილი და შედგომში, მთელი იმ სიმდიდრის გადანაწილება, რასაც საქართველოში ყველა ძვირფასი აქტივიდან ახდენს ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ამ ოფშორის მეშვეობით ხვდება მის ანგარიშებზე. კახა კობიაშვილი არ წარმოადგენს საჯარო პირს და შესაბამისად მისი დეკლარაცია არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი. სწორედ ამ პიროვნებისა და ფირმების მეშვეობით ახდენს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობის და სახელმწიფოს ქონებისა და სახსრების მითვისებას, ასევე ფულის გათეთრებას" - განაცხადა გივი თარგამაძემ.

"უმეტესი დედა კომპანიები იმყოფებიან ოფშორებში, ხოლო საქართველოში დარეგისტრირებული კომპანიების დამფუძნებლები არიან ოფშორში დაფუძნებული კომპანიები. ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუ არ ჩაერევა საერთაშორისო საზოგადოება, ამ ფულადი ნაკადების ერთი ქვეყნიდან გაკონტროლება, იმიტომ, რომ აქ აისახება მხოლოდ საქართველოში დაფუძნებული კომპანიების მოქმედება, მაგრამ ის დივიდენდები გადადის ოფშორულ კომპანიებზე და სწორედ აქედან ხდება გადანაწილება" - თქვა ლევან თარხნიშვილმა.

კომენტარები