სურსათის ეროვნული სააგენტო

პრემიერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ერთ დღეს ორი პირი "დანიშნა"

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად ერთ დღეს ორი პირი "დანიშნა". მათ შორის, ერთს - სააგენტოს უფროსის თანამდებობა ბოლო ერთი თვე ეკავა. პრემიერის ორივე ბრძანება 2016 წლის 8 აპრილს არის გამოცემული.

N105 ბრძანების მიხედვით, "დაინიშნოს ნოდარ კერესელიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად". ხოლო N106 ბრძანების თანახმად, "დაინიშნოს ზურაბ ჩეკურაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსად".

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ორი ბრძანების საიტზე მოხვედრა ტექნიკური ხარვეზი იყო. მათი თქმით, შეცდომა ტექსტების გადატანის და ატვირთვის დროს მოხდა. მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე გამოაქვეყნა ჩასწორებული ბრძანება, რომ "გათავისუფლდეს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობიდან". შესაბამისად, სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილია.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე პრემიერის 2016 წლის 11 მარტის ბრძანებით სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშნეს, თუმცა, თანამდებობაზე ყოფნის 4 კვირის მანძილზე, სააგენტოს საჯარო შეხვედრებსა და აქტივობებში მისი გვარი არსად ფიგურირებდა. ყველა ხელმოწერას თუ შეხვედრას მისი მოადგილეები ესწრებოდნენ. 

სააგენტოს ახალი უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი კი, 2014 წლის ნოემბრამდეც იკავებდა ამავე პოსტს. ის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ზაზა დოლიძემ ჩაანაცვლა. ზურაბ ჩეკურიშვილი ამ დრომდე - სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი იყო. სწორედ მან მოიხსენია რუსული ბაზარი "ჩვენს, ისტორიულ, ტრადიციულ" ადგილად Sputnik Georgia-სთან ინტერვიუში. ჩეკურიშვილის თქმით, ევროკავშირთან შედარებით რუსული ბაზარი უპირატესობით სარგებლობს.  მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჩეკურიშვილზე თქვა, რომ "ის არ გახლავთ თანამდებობის პირი. ეს არის უფრო მეტად გაზვიადებული საკითხი".

კომენტარები