კრიმინალი

შსს: 2014 წელს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის ზღვის დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნა. შსს-ში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურეს, რომ კოჯორში სწორედ 2014 წლის 17 დეკემბერს მოკლული გურამ კვეზერელის ცხედარი იპოვეს. 2014 წლის ბოლოს, თბილისის ზღვის დასახლებაში, საკუთარი სახლის აბაზანაში 49 წლის ნატო კვეზერელი ნახეს მოკლული, ხოლო მისი შვილი, გურამ კვეზერელი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.

"სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ორმა პირმა კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის მკვლელობა დაგეგმა. ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის ეზოში ჩამარხეს.

იმავე დღეს, აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის, მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო კვეზერელის სახლში. ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული ორი ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნაპოვნია გარდაცვლილი გურამ კვეზერელის ცხედარი, ამოღებულია გარდაცვლილის სახლიდან გატაცებული პორტატული კომპიუტერი და მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები დამნაშავეების, დანაშაულის ადგილებისა და ცხედრებიდან აღებული დნმ-ის ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის" - აცხადებს შსს.

დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით (სსკ-ის 109-ე მუხლი) ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, "მეორე ბრალდებული საზღვარგარეთ იმყოფება და მისი ექსტრადირებისთვის შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს". გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ორი პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები