ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე 12 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აშშ დოლარის შემოტანისთვის, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დააკავა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ბაირამ განჯალიევმა და ელმან ჰუსეინოვმა, საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბაირამ განჯალიევის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს უპრეცედენტო რაოდენობის, 1 100 000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები და თანხა, 131 950 აშშ დოლარი. ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავა და ოქროს ზოდები და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.





