ქალთა უფლებები

გურჩიანი: მიუღებელია, ქალის გამოთქმული აზრის გამო, ქმრისთვის პასუხის მოთხოვნა

ტაბულა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თამარ გურჩიანის შეფასებით, "აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ქალს დამოუკიდებელ პიროვნებად არ აღიქვამენ და მისი საქმიანობის ან მის მიერ გამოთქმული აზრების გამო პასუხს სთხოვენ მეუღლეს". გურჩიანმა ტაბულასთან საუბარში შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ორმხრივ შეხვედრაზე უარი თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook-პოსტის გამო უთხრეს.

"სამწუხაროდ, ძალიან რთულია ამის გაცნობიერება, მაგრამ სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ამ ინსტინქტით ვმოქმედებთ, რომ ქმარს მოვთხოვოთ პასუხი ცოლის ქმედებებთან დაკავშირებით, პრინციპში, იმ სტერეოტიპს ვაცოცხლებთ, რომლის მიხედვითაც ქალი არის ქმრის კუთვნილება და მას დამოუკიდებელი არსებობა არ გააჩნია ან ლეგიტიმური არ არის მისი დამოუკიდებელი არსებობა და საქმიანობა" - ამბობს გურჩიანი და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ.

"არც არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან შეცდომებისგან დაზღვეული და სრულყოფილებას ვერც მათ ვერ მოვთხოვთ, რასაკვირველია, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყნის კონტექსტი ასეთია, რომ სამოქალქო საზოგადოება კარნახობს სახელმწიფოს და მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს - რა არის ეთიკური ქცევის ნორმები და როდესაც შენ კარნახობ სხვას, რომ, მაგალითად, თანასწორობა არის მნიშვნელოვანი ღირებულება და გენდერული სტერეოტიპების და ქალების მიმართ არსებული ნეგატიური ცრურწმენების მიხედვით მოქმედება არის არათანამედროვე საქციელი, პიველ რიგში, ეს თვითონ უნდა დანერგო საკუთარ ორგანიზაციაში ან საკუთარ საქმიანობაში" - ამბობს გურჩიანი და აღნიშნავს, რომ "ჩემთვის ისეთივე აბსურდია აქ პოლიტიკურ ნეიტრალობაზე საუბარი, როგორი აბსურდიც არის ის, რომ ქმარს მოსთხოვო პასუხი ცოლის მოსაზრებების გამო".

თამარ გურჩიანის თქმით, "არ ვართ ვალდებულები, დავიჯეროთ, რომ ეს კავშირი არ არის პოლიტიკურად მიუკერძოებელი, არ არის პოლიტიკური ლიდერის მეუღლე, ამ შეთხვევაში იმიტომ, რომ ამ ფაქტს არც არავინ მალავს. არც არავის აქვს პრეტენზია იმაზე, რომ გარკვეული პოლიტიკური პრეფერენციები არ აქვს". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი არ მალავს ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს და არავისთვის არ ცდილობს თვალის ახვევას.

"ეს ფაქტობრივი მოცემულობა რომ არ გვქონოდა, მე ვიტყოდი - არ არის აუცილებელი, ცოლი ეთანხმებოდეს ქმრის პოლტიკურ მოსაზრებებს ან ქმრის საქმიანობას, მაგრამ ამ საქმეში ასე არის, არც არავინ მალავს, რომ ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული. პროფესიონალური მიდგომა იქნებოდა ის, რომ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იყოს გამიჯნული პოლიტიკური პარტია, მისი ლიდერები და ამ ლიდერების ოჯახის წევრები. ოჯახის წევრები, მე მგონია, რომ პირველ რიგში განსახილველი თემა არ უნდა იყოს, გავლენის მიუხედავად, თან მითუმეტეს ძალიან სახიფათო ზღვარზე უწევს თითოეულ ადამიანს სიარული ამ დროს. ეს სახიფათო ზღვარია, მაგალითად, ის, რომ ცოლი გამოაცხადო ქმრის კუთვნილებად და ყველა მისი მოსაზრების გამო მერე პასუხი მოსთხოვო ქმარს ან პოლიტიკურ პარტიას, მე მიმაჩნია, რომ ეს არაპროფესიონალური საქციელია" - ამბობს გურჩიანი. მისივე შეფასებით, მთელი არასამთავრობო სექტორი პასუხს ვერ აგებს ამ იზოლირებული შემთხვევის გამო.

"არ იქნებოდა სწორი, რომ მთელი არასამთავრობო სექტორი განგვესაჯა ამის გამო და, ასევე, არ არის საჭირო, რომ გენდერული თანასწორობის თემაც ეჭვქვეშ დაგვეყენებინა ამ კონკრეტული შემთხვევის გამო. არა მგონია, რომ მთელი არასამთავრობო სექტორი იმსახურებს კრიტიკას, ეს ერთი, და მეორე - არასამთავრობო სექტორს უნდა ჰქონდეს თვითკრიტიკის რესურსი და არ უნდა ჰქონდეს ის შეგრძნება, რომ ის არ არის ანგარიშვალდებული ან არ დაუშვებს შეცდომებს და ამ შეცდომების გამო მისი კრიტიკა მიუღებელია. პირველ რიგში, ვინც უნდა აკეთებდეს ამ შეთხვევაში თვითკრიტიკას და თვითრეფლექსიას, ეს ისევ არასამთავრობო სექტორია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეცაა" - უთხრა გურჩიანმა ტაბულას.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტაბულას დირექტორის facebook პოსტის გამო შეხვედრის გაუქმების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, საიას ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ აცნობეს. იქამდე, ეკა გიგურმა sms-ით გიგა ბოკერიას მისი ცოლის განცხადების გამო უსაყვედურა.

ტაბულას დირექტორმა რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკური ჟარგონი გამოიყენა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ დოლს ღია წერილით მიმართეს, “სასარგებლო იდიოტები” უწოდა.

ეკა გიგაურმა დღეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილს, ტაბულას საია-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მას მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები აქვს და კომენტარი სავარაუდოდ, არ იქნება. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელ ნინო ლომჯარიასთან დაკავშირება კი მთელი დღის განმავლობაში ვერ ხერხდება, ის ტაბულას ზარებს არ პასუხობს. დაკავშირება ვერ მოხერხდა ვერც ორგანიზაციის პრესსამსახურთან.

ნინო ლომჯარიამ ამ თემაზე კომენტარი გუშინ გამოცემა ნეტგაზეთს მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ "შეხვედრის ჩაშლის მიზეზი იყო არასამთავრობოების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება იმ ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებთანაც პარტიას აქვს კონსტრუქციული ურთიერთობა და საქმიანი თანამშრომლობა".

კომენტარები