ქალთა უფლებები

ცოფურაშვილი: ცოლის აზრის გამო ქმრისთვის პასუხის მოთხოვნაზე მსჯელობა კომიკურია

ტაბულა

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის თათა ცოფურაშვილის შეფასებით, "ცოლის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებაზე პასუხი მოსთხოვო ქმარს, ეს ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, რომელიც 1866 წლის ბრიტანეთის პარლამენტში შეიქმნა. მაშინ ჯონ სტიუარტ მილმა გაიტანა კანონი ქალებისთვის საარჩევნო ხმის უფლების მინიჭების თაობაზე, ხოლო ოპონენტები ამბობდნენ, რომ ეს ქალებს არ სჭირდებათ, იმიტომ, რომ ქმრების აზრი მაინც გამოხატავს მათ აზრს". ცოფურაშვილმა ტაბულასთან საუბარში შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ორმხრივ შეხვედრაზე უარი თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook-პოსტის გამო უთხრეს.

"ძალიან პარადოქსული და კომიკურია, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში გვიწევს იმაზე მსჯელობა, რამდენად შეიძლება ცოლის აზრი ქმრის აზრად იქნას გაგებული. და, შესაბამისად, ქმარს მოვთხოვოთ პასუხი ამის შესახებ. ალბათ, ეს შემთხვევა მომავალში, როდესაც დადგება საკითხი, დავუშვათ 21-ე საუკუნის ათიანი წლების საქართველოში პოლიტიკური კულტურის ან სამოქალაქო ცნობიერების გაანალიზების შესახებ, ერთ-ერთ ქრესტომათიულ მაგალითად იქნება გამოყენებული. ისიც უნდა ითქვას, რომ საწუხაროდ, შეჩვეულები ვართ პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე საზოგადოების ოდიოზური წარმომადგენლების მხრიდან ისეთ განცხადებებს, როდესაც ისინი ქალს დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად არ განიხილავენ, დამოუკიდებელი სამოქალაქო პოზიციის მქონედ არ განიხილავენ, მაგრამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიმართ არის გაცილებით უფრო მაღალი მოლოდინები და მაღალი სტანდარტი, ვიდრე იქნება ეს თუნდაც პარლამენტის რომელიმე ოდიოზური წევრი და ფიგურა", - ამბობს ცოფურაშვილი.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი აღნიშნავს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილი არ არის ოფიციალურად ენმ-ის წევრი.

"როგორც პარტიის ლიდერის ცოლი, ის შეიძლება, არის პარტიასთან დაახლოებული, მაგრამ არ არის პარტიის ოფიციალური წევრი, ამიტომ იმის ხელაღებით მტკიცება, რომ მისი პოზიცია აუცილებლად გამოხატავს პარტიის ოფიციალურ პოზიციას, არის უფრო რაღაც შეთქმულების თეორიაში გარდამავალი. ჩვენ გვახსოვს თუნდაც სამთავრობო გუნდიდან, იქნება ეს მეჭიაური თუ სხვა ფიგურები, რომლებიც იგივე საერთაშორისო გამჭვირვალობას ძალიან ღიად აკრიტიკებდნენ ხოლმე, და მაშინ რამე მცდელობა, რომ ვინმესთვის მიეწერათ - მეჭიაური გააჩუმეთ - არ ყოფილა", - ამბობს ცოფურაშვილი.

ტაბულას კითხვაზე, არის თუ არა ეს შემთხვევა კრიტიკის მიუღებლობა, თათა ცოფურაშვილი პასუხობს, რომ "კრიტიკის მიუღებლობა მთლიანად ქართული საზოგადოების პრობლემაა, ეს არა მარტო პოლიტიკურ ცხოვრებას და სპექტრს, არამედ ყველა ფენას და სეგმენტს თანაბრად ეხება". მისი თქმით, "ალბათ, საჭიროა, უფრო მეტად გავიზარდოთ, რომ მიხვდეთ - კრიტიკა არ არის ჩვენ წინააღმდეგ მომართული, არამედ, შეიძლება, ჩვენ სასიკეთოდაც იყოს და რაღაც კონსტრუქციული შედეგი ჰქონდეს".

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ტაბულას დირექტორის facebook პოსტის გამო შეხვედრის გაუქმების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა, საიას ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ აცნობეს. იქამდე, ეკა გიგაურმა sms-ით გიგა ბოკერიას მისი ცოლის განცხადების გამო უსაყვედურა.

ტაბულას დირექტორმა რამდენიმე დღის წინ, პოლიტიკური ჟარგონი გამოიყენა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ დოლს ღია წერილით მიმართეს, "სასარგებლო იდიოტები" უწოდა.

ეკა გიგაურმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილს, ტაბულას საია-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მას მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები აქვს და კომენტარი სავარაუდოდ, არ იქნება. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელ ნინო ლომჯარიასთან დაკავშირება კი მთელი დღის განმავლობაში ვერ ხერხდება, ის ტაბულას ზარებს არ პასუხობს. დაკავშირება ვერ მოხერხდა ვერც ორგანიზაციის პრესსამსახურთან.

ნინო ლომჯარიამ ამ თემაზე კომენტარი გუშინ გამოცემა ნეტგაზეთს მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ "შეხვედრის ჩაშლის მიზეზი იყო არასამთავრობოების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება იმ ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებთანაც პარტიას აქვს კონსტრუქციული ურთიერთობა და საქმიანი თანამშრომლობა".

კომენტარები