NDI-ის კვლევა

NDI: ფინანსთა სამინისტროს მუშაობა მოსწონს 5%-ს, არ მოსწონს 54%-ს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. სამინისტროების საქმიანობის შეფასებისას, გამოკითხულთა უარყოფითი დამოკიდებულება დადებითს აჭარბებს შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, ლტოლვილთა და განსახლების, ენერგეტიკისა და ფინანსთა სამინისტროების შემთხვევებში.

გამოკითხულთა 48% ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს, 34% საშუალოდ, ხოლო 9% უარყოფითად. იუსტიციის სამინისტროს მუშაობა 27%-ს მოსწონს, 41%-ს საშუალო დამოკიდებულება აქვს, ხოლო არ მოსწონს - 19%-ს.

განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს 22%-ს, 19%-ს კი არ მოსწონს. ევროინტეგრაციის უწყების მუშაობას დადებითად აფასებს 14%, 8% - უარყოფითად.

საგარეო უწყების საქმიანობას დადებითად მხოლოდ 13% აფასებს, 11%-ს კი არ მოსწონს. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა მოსწონს გამოკითხულთა მცირე - 14%-ს, არ მოსწონს 19%-ს. საშუალო დამოკიდებულება ყველა სამინისტროს შემთხვევაში მოწონება/არ მოწონებას აჭარბებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა მოსწონს 12%-ს, 17%-ს არ მოსწონს. სოფლის მეურნეობის უწყების საქმიანობა მოსწონს 16%-ს, 20%-ს არ მოსწონს.

თავდაცვის სამინისტროს მუშაობა მოსწონს რესპონდენტთა 17%-ს, 27% კი უარყოფითად აფასებს. 

ლტოლვილთა სამინისტროს მუშაობა მოსწონს გამოკითხულთა 13%-ს, 23%-ს კი არ მოსწონს.

რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს საქმიანობის შეფასებას, აქ მოწონებასა და არ მოწონებას შორის მკვეთრი სხვაობაა. გამოკითხულთა 19% დადებითად აფასებს კახა კალაძის უწყების მუშაობას, 35% - უარყოფითად.

მკვეთრი სხვაობაა ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაშიც. ნოდარ ხადურის უწყების საქმიანობა მოსწონს 5%-ს, არ მოსწონს 54%-ს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

---

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

კომენტარები