Panama Papers

დუნდუა: ივანიშვილი უამრავ კომპანიას ფლობს, რომლებიც უამრავ კომპანიებს ფლობენ

2030 Official

საზოგადოება 20/30-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუა Panama Papers-თან დაკავშირებით ამბობს, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ფლობს უამრავ ოფშორულ კომპანიას, რომლებიც თავის მხრივ ფლობენ უამრავ ოფშორულ კომპანიას, რომლებიც ფლობენ უამრავი კომპანიის აქციებს. დუნდუას თქმით, ამ კომპანიებიდან ივანიშვილმა მხოლოდ ისინი უნდა მიუთითოს, რომლებსაც თავად ფლობს, იმ კომპანიის აქციების მითითება კი, რომლების ბენეფიციარი მფლობელიც ივანიშვილია, დუნდუას აზრით, ქონებრივ დეკლარაციაში საჭირო არაა. 

"რაც შეეხება Panama Papers-ის საკითხს და ბიძინა ივანიშვილის ქონებას, მის უშუალო მფლობელობაში არ ყოფილა ეს ორგანიზაცია. ბიძინა ივანიშვილი მილიარდერია და მას აქვს უამრავი კომპანია. უამრავ კომპანიას აქვს დაფუძნებული უამრავი კომპანია და ეს დაფუძნებული უამრავი კომპანიები ფლობენ უამრავი კომპანიის აქციებს. დეკლარაციის დროს კი მითითებული უნდა იყოს სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდაა მის მიერ დაფუძნებული და არა ის ორგანიზაციები, რომლებიც მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების მიერ არის დაფუძნებული და შესყიდული აქვთ აქციები. შესაბამისად, მთელი ქონება ივანიშვილისა, მთელი მისი ქონება იყო დეკლარირებული - ეს ერთი; მეორე - ბიძინა ივანიშვილი პრემიერმინისტრობის პოსტზე არ გამდიდრებულა და სახელმწიფო თანამდებობის პოსტზე მას ხელფასიც არ აუღია. ეს იმთავითვე ვიცოდით ჩვენ, რომ ის მილიარდერია და ფლობს და უნდა ფლობდეს კიდეც როგორც ოფშორულ კომპანიებს, ისე არაოფშორულ კომპანიების აქციებს. სიღრმისეულად რომ ჩავიხედოთ, შეიძლება, მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მიერ დაფუძნებული კომპანიების შესყიდული აქციები შეიძლება ასეულობით ოფშორული კომპანიების აქციებს მოიცავდეს, მაგრამ ამის დეკლარირება მას არ მოეთხოვება, მას მოეთხოვება მის მიერ უშუალოდ დაფუძნებული კომპანიების დეკლარირება და მან ეს გააკეთა", - ამბობს მიხეილ დუნდუა.

20/30-ის წევრის შეფასებით, კანონდარღვევას არა ივანიშვილის ოფშორული კომპანიები, არამედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიები წარმოადგენენ. თუმცა აღნიშნული კომპანიები კეზერაშვილმა საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დააფუძნა, ივანიშვილი კი დეკლარაციაში დაუფიქსირებელ ოფშორულ კომპანიას პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის დროს ფლობდა. 

"ამასწინათ კეზერაშვილის ფაქტორი გამოვლინდა. კეზერაშვილი, რომელიც საკჯარო მოხელე იყო, არ იყო ბიზნესმენი, არ ჰქონდა სხვა შემოსავლის წყარო, იყო დამოკიდებული ხელფასზე, უნდა ყოფილიყო დამოკიდებული ხელფასზე. თანამდებობიდან წასვლიდან 10 დღეში მილიონერი ხდება და ოფშორულ კომპანიას აფუძნებს - ეს არის საგანგაშო, თორემ მილიარდერი პოლიტიკაში ხელფასს რომ არ იღებს, 1 მილიარდი აქვს დახარჯული თავის დროზე პოლიციის, ჯარის, ინფრასტრუქტურის, საბაჟო-საგადასახადო სისტემების მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის; 1 მილიარდზე მეტი აქვს კულტურისა და ხუროთმოძღვრული ძეგლების აღდგენაზე; უამრავი ქველმოქმედება და ინვესტიცია საქართველოში; ხელფასი არ აქვს აღებული, როგორც პრემიერმინისტრს, არ გამდიდრებულა საჯარო სექტორში და არ უმუშავია საჯარო სექტორში", - ამბობს დუნდუა.

შვეიცარიული გაზეთი Tribune de Geneva პანამის დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა თანამდებობის დატოვების შემდეგ სამი ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა, სადაც ნავთობის ბიზნესიდან მიღებული თანხები ირიცხებოდა. დოკუმენტები აჩვენებს, რომ ამ კომპანიებში ფულის გადარიცხვა შვეიცარიული ბანკების მეშვეობით ხდებოდა. დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი ტაბულასთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავისთავად ოფშორულ ზონაში კომპანიების დარეგისტრირება დანაშაულს არ წარმოადგენს და ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ბიზნესსაქმიანობაში. 

კომენტარები