ოდესის გუბერნატორი

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმს უყენებს

Reuters

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ულტიმატუმს უყენებს. უკრაინსკაია პრავდას ინფორმაციით, სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი პირობების შეუსრულებლობა ე.წ. რეფორმატორთა გუნდის თანამდებობებიდან წასვლას გამოიწვევს. 

„რეფორმებთან დაკავშირებით მაიდანზე გაცემული არც ერთი პირობა არ შესრულებულა. ჩვენ ყველას მოგვატყუეს", - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკის გათავისუფლება უკრაინაში კორუფციის პრობლემებს ვერ გადაწყვეტს.

"პრობლემა მხოლოდ იაცენიუკში არ არის, პრობლემა პოლიტიკურ კლასში და პრეზიდენტის მიდგომაშია, ქვეყნის შიდა პროცესებისა და რეფორმების მიმართ", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება ხელს უშლის რეფორმების პროცესს ოდესის ოლქშიც.

ოდესის გუბერნატორი მოუწოდებს პეტრო პოროშენკოს, ღია განხილვის შემდეგ ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელსაც ექნება ხალხის ნდობა. ასევე, დაუყოვნებლივ, მომდევნო რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, გაათავისუფლოს ოდესის მხარის პროკურორი ნიკოლაი სტოიანოვი და დანიშნოს ის, ვინც ხალხის ნდობით ისარგებლებს. ასევე, პროკურატურა "გაიწმინდოს" იმ ხალხისგან, ვინც დავით საყვარელიძეზე "ნადირობდნენ". გარდა ამისა, ოდესის გუბერნატორი ითხოვს, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოდესის მერის ტრუხანოვის წინააღმდეგ, რადგან "მან მოატყუა საარჩევნო კომისია, დამალა თავისი რუსული პასპორტი. ასევე, დამალული მილიონები მას აშკარად არასამართლებრივი გზით აქვს ნაშოვნი". სააკაშვილი მოუწოდებს უკრაინის პრეზიდენტს, გაათავისუფლოს ადგილობრივი СБУ-შნიკები, რომლებიც "იმის ნაცვლად, რომ სეპარატისტებსა და კორუფციონერებს ებრძოდნენ, რეფორმატორებს ავიწროებენ". ასევე, შეცვალოს ადგილობრივი საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები, "რომლებიც აშკარა კორუფციით არიან დაკავებულები".

კომენტარები