პირადი კადრები

გაბაშვილი: ლელუაშვილი ქართულ ოცნებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ გიორგი გაბაშვილის ინფორმაციით, პროკურატურის მიერ დღეს დაკავებული ვაჟა ლელუაშვილი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო.

"ვაჟა ლელუაშვილი 2012 წლიდან დაპატიმრების შიშით ქართულ ოცნებასთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. ის ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ფაქტიური მმართველი და არაფორმალური ხელმძღვანელი იყო გარდაბანში არჩევნებზე. 2013 წელს ის პირადად ძალიან აქტიურად იყო ჩართული ქართული ოცნების მხარეს ოპოზიციური დეპუტატების გადაბირების საქმეში", - თქვა გაბაშვილმა.

გაბაშვილის თქმით, პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე ბოლო დროს გავრცელებულ ფარულ კადრებთან დაკავშირებით ახალი არაფერი თქმულა.

"მიმდინარე ვიდეოშანტაჟსა და კადრების გავრცელებაზე არაფერი ითქვა, არადა, ზედაპირზე დევს პოლიტიკური მოტივაციაც და მოტივებიც. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველდღიურად ბრიფინგებიდან იმეორებენ იმავე გზავნილებს, რაც ამ ვიდეოშანტაჟში არის", - აღნიშნა გაბაშვილმა.

პროკურატურამ დღეს 11 და 14 მარტს გავრცელებული ჩანაწერების მოპოვებასა და შენახვის ფაქტზე 5 პირი დააკავა. აღნიშნული კადრების გავრცელებისთვის უწყებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

კომენტარები