აზერბაიჯანის თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ დაარღვია.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განაცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში კონფლიქტის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 119-ჯერ დაირღვა.
უწყებისვე ინფორმაციით, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ პოზიციებზე მიიტანა იერიში, მათ ასევე ცეცხლი გაუხსნეს 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს.
საპასუხოდ, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციებზე 125 იერიში განახორციელეს.
ბოლო დღეებში ყარაბაღში განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ მოუწოდეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
გაეროს ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის ესკალაციას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი დაშავდა.





