ტრანსპორტი

მერია: მედიის ნაწილმა ტაქსების რეგულირების საკითხი არასწორად გააშუქა

georgiaabout.files.wordpress.com

"თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დედაქალაქში ტაქსების მომსახურების სერვისის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით სამუშაო დოკუმენტის შექმნასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან არასწორად იქნა ინტერპრეტირებული, კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოსდა, თბილისის მერია აღნიშნულ სფეროში გარკვეული გადასახადების დაწესებას გეგმავს."- ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. 

"გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ტაქსების მძღოლებისა და ტაქსის სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისთვის დედაქალაქის მერიის მხრიდან რაიმე სახის გადასახადის დაწესების საკითხი არ განიხილება, ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს მხოლოდ სამუშაო დოკუმენტის ფორმირება, რომლის მიზანიცაა, საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების სერვისის შექმნა.

სამუშაო დოკუმენტი, თავის მხრივ, მოიცავს ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის ნაწილსა და მძღოლების კომპეტენციის დადგენის შესაძლებლობების გზებს, ამასთან, ვითვალისწინებთ რა, რომ ტაქსების მძღოლებისათვის აღნიშნული საქმიანობა, ხშირად, შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს, საკითხის გარკვეულ რეგულაციაში მოქცევისას, მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ მოახდენენ თემის არასწორ ინტერპრეტაციას, რათა საზოგადოება არ იქნას შეცდომაში შეყვანილი."- წერია მერიის განცხადებაში.

მერია მუშაობს პროექტზე რომელიც ტაქსებს რეგულაციებს დაუწესებს. თბილისში ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ თბილისის მერმა ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე განაცხადა. ინიციატივის მიხედვით, 2017 წლიდან უნდა დაიწყოს ტაქსების რეგისტრაცია, რის შემდეგაც, მათთვის შეიქმნება შესაბამისი რეგლამენტი, ანუ ის მოთხოვნები, რაც ტაქსის მძღოლებმა და მათმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა უნდა დააკმაყოფილონ. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოუწევთ ტაქსებს, თუმცა მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მძღოლებს სანქციები დაეკისრებათ.

თავად ტაქსისტები ამბობენ, რომ მათთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება პოტენციურ რისკია, რადგან, მათივე თქმით, ამან შესაძლოა სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს. ტაქსის მძღოლთა ნაწილის აზრით კი, დღეს ქალაქში მოძრაობა ქაოტურია, რის გამოც მერიის მხრიდან რაიმე რეგულაციების დაწესება ამ მხრივ ვითარებას შედარებით გააუმჯობესებს.

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად 50 000 - 60 000 ტაქსი მოძრაობს, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით, ერთ მაცხოვრებელზე მაღალ მაჩვენებელს იძლევა. ტაქსების ასეთი სიმრავლის მთავარი მიზეზი კი ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემაა, რის გამოც ავტომომფლობელთა ნაწილი ოჯახის რჩენის მიზნით ტაქსისტობას იწყებს. შესაბამისად, რეგულაციების დაწესებამ, შესაძლოა ამ ოჯახების სოციალური მდგომარება გააუარესოს. ასევე არსებობს რისკი, რომ ახალი რეგულაციების გამო მძღოლებს ახალი დანახარჯების გაწევა მოუწიოთ, რის გამოც, შესაძლოა, ტაქსით მგზავრობის ტარიფები გაიზარდოს.

კომენტარები