მთიანი ყარაბაღი

ხოშტარია: უნდა გვქონდეს გეგმა თუ რას ვაკეთებთ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს პოზიცია მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოს. ხოშტარიას შეფასებით, საქართველოს მთავრობას უკვე უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სამოქმედო გეგმა იმისა, თუ რას აკეთებს იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირება ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს, რუსული მხარე კი საქართველოს გავლით სამხედრო ტვირთების გადატანას გადაწყვეტს.

"რომც არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში, აქ რუსეთის ინტერესი მოკლევადიან დაპირისპირების შემთხვევაშიც ცალსახად იკვეთება. მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან მოთხოვნა პირდაპირ ჩვენი ტერიტორიის გავლით გიუმრის ბაზის მომარაგების ან რაიმე სახის სამხედრო მოქმედების გავლის საქართველოს ტერიტორიაზე და ეს არის საკმაოდ შესაძლებელი რეალობა და ჩვენ ამაზე უკვე უნდა გვქონდეს პასუხი. მე ვამბობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და საუბრების დაწყება იმაზე, რომ ორივე ქვეყანა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი შეიძლება საკმარისი არ იყოს. არ ვიცი შეიკრიბა თუ არა ჩვენი უშიშროების საბჭო. მთავრობა რას აკეთებს არ მინახავს, არ მინახავს რაიმე სერიოზული მოქმედება მათგან. თუ უკვე დაგვიანებული არ არის, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიხილავდეთ იმ სცენარს, თუ რას ვპასუხობთ კონკრეტულად რუსეთს, თუ ის ჩვენ მოგვთხოვს საჰაერო სივრცით, თუ ჩვენი ტერიტორიით, გარკვეული სამხედრო მოქმედებების ჩატარებას. ეს აბსოლუტურად არ არის გამორიცხული." - რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს ელენე ხოშტარია.

ხოშტარიას შეფასებით, ყარაბაღში მდგომარეობის ესკალაციის უკან რუსეთი დგას, ამიტომაც საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს მყარი პოზიცია, რაც ქვეყანამ ამ კონფლიქტთან და რუსულ საფრთხესთან დაკავშირებით უნდა იქონიოს, თუმცა ხოშტარია ამბობს, რომ მთავრობას რუსეთთან დათმობის რეჟიმში აქვს კომუნიკაცია, ამიტომაც საქართველოს მხრიდან რაიმე მკაცრი განცხადების მოლოდინები მცირეა. 

"უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში ჩვენ უბრალოდ ბუჩქებში დავიმალეთ და საერთოდ არანაირი ფაქტიური პოზიციონირება ამ კონფლიქტის მიმართ არ გვქონია, ამ სიტუაციაში კი ჩვენ ამას ვერ მოვახერხებთ. ამიტომაც საერთაშორისო ჩართულობა დღეს არის ნომერ პირველი ამოცანა. საქართველოს პირველი ინტერესი უნდა იყოს ამ რეგიონში რუსეთის საფრთხეზე საუბარი, ამაზე მუდმივი ხაზგასმა უნდა გავაკეთოთ. ეს არის საერთო ევროპული უსაფრთხოების გამოწვევა, როგორიც იყო საქართველოს ომი, როგორიცაა უკრაინის ომი ამაზე ხაზგასმა უნდა გავაკეთოთ, რისი კონტექსტიც სამწუხაროდ ჩვენი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე არ არსებობს. ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან დღეს ისეთია, რომ საერთოდ სიტყვა ოკუპაციასაც კი ძლივს ვახსენებთ, ამიტომაც მსგავსი განცხადებების მოლოდინი მე სამწუხაროდ არ მაქვს."- ამბობს ხოშტარია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის შეფასებით, საქართველომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში აქტიური როლი უნდა ითამაშოს და მოლაპრაკებათა გასამართად მხარეებს თბილისი უნდა შესთავაზოს. 

"თბილისი ,საქართველო შევთავაზოთ ნებისმიერ ფორმატში მოლაპარაკებათა ადგილად. ახლა ის დროა, როდესაც წამყვანმა ქვეყნებმა საგანგებო გადაწყვეტილებები რომ მიიღონ." - რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს გია ვოლსკი.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში მდგომარეობა 2 აპრილის ღამეს გამწვავდა. კონფლიქტის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები ვრცელდება, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაღუპულია 12 აზერბაიჯანელი სამხედრო, სომხური მხრიდან კი დანაკარგი 100-ზე მეტს შეადგენს, თუმცა ამ რიცხვებს სომხეთი უარყოფს. სომხური მხარის ცნობით, მტრული მოქმედებები აზერბაიჯანმა დაიწყო, ტანკების, მძიმე არტილერიისა და ვერტმფრენების გამოყენებით.

დღეს განვითარებული მოვლენები 1994 წლის შემდეგ ამ გაყინული კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციად უკვე შეფასდა. მხარეებს კონფლიქტის დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ უკვე მოუწოდეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ევროკომისარმა, გერმანიის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

კომენტარები