თბილისის მერია

კომპანია, რომელიც თბილისში ავტობუსებს შემოიყვანს, უახლოეს დღეებში გამოვლინდება

თბილისის მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოსაყვანად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს დღეებში გამოვლინდება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ უთხრა და აღნიშნა, რომ ტენდერში სულ შვიდი კომპანია მონაწილეობდა. მისივე თქმით, სატენდერო დოკუმენტაცია 16 მარტს გაიხსნა და ამჯერად მასში მონაწილე კომპანიების წინადადებების შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.

"შესაბამისი სამუშაო ჯგუფი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. ძალიან აქტიურად მუშაობენ, ყოველდღიურ რეჟიმში, რათა საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტაცია შეისწავლონ. აღნიშნულის შემდეგ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება", - უთხრა ინტერპრესნიუსს ნარმანიამ.

თბილისის მერია წელს 150 ახალი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს, რომლებიც კომპენსირებულ ბუნებრივ აირზე იმუშავებენ. ავტობუსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 30-მილიონიანი სესხით შეიძენენ.

კომენტარები