ვიზალიბერალიზაცია

კანდელაკი: ენმ მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის უსწრაფესად მონიჭებას

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელ გიორგი კანდელაკს იმედი აქვს, რომ EPP-ის პრეზიდენტის განცხადება ვიზალიბერალიზაციის არჩევნების შემდეგ გადავადებას არ ნიშნავს. ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. კანდელაკი აცხადებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის უსწრაფესად მონიჭებას ემხრობა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის უსწრაფესად მონიჭებას საქართველოსთვის. მეტიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ენმ-ის გეგმით, საქართველოს უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს უვიზო რეჟიმი, ჯერ კიდევ 2014 წელს. ისევე როგორც ბევრი პროექტი უნდა ყოფილიყო უკვე დამთავრებული. მაგალითად, სიტყვაზე, ხაშურამდე უნდა ყოფილიყო მიყვანილი ავტობანი. ასევე უკვე მიღებული უნდა ჰქონდეს საქართველოს ჩვენი გეგმით უვიზო რეჟიმი. ეს არ მოხდა იმიტომ, რომ მთავრობამ არ მიიღო გარკვეული კანონები სწრაფად, როცა მოლდოვამ მიიღო თუ არ ვცდები 2013 წელს უვიზო რეჟიმი და მეორე მხრივ, უვიზო რეჟიმის პერსპექტივას მთავრობამ მიაყენა ზიანი, როცა მთელი რესურსების ხარჯვა დაიწყო არა საქართველოს ინტერესების წინ წაწევაზე, ამ და სხვა შემთხვევებში, არამედ ოპოზიციასთან ბრძოლასა და დაჭერებზე.

პრობლემა ევროპის სახალხო პარტიაში კი არ არის, არამედ არის საქართველოს მთავრობაში და პირადად ბიძინა ივანიშვილში. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკომისარი ჰანი, რომელსაც უშუალოდ აბარია ეს პროცესი, ისევე როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ბატონი იუნკერი, რომლებიც გამოირჩევიან ღია და სისტემატიური მხარდაჭერით საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მონიჭებისადმი, ისინიც სახალხო პარტიის წარმომადგენლები არიან. როცა კრიტიკა გვესმის EPP-სგან მაშინ არის ეს პარტია ცუდი და როცა ჩვენთვის დადებითი სიახლეები გვესმის, მაშინ არის სახალხო პარტია კარგი? ეს არასერიოზულია. ჩვენ ვუჭერთ უსწრაფესად მონიჭებას მხარს, იმიტომ რომ ეს სჭირდება ჩვენს ხალხს ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კანდელაკმა.

კანდელაკმა იმედი გამოთქვა, რომ უვიზო რეჟიმს საქართველო მიიღებს არჩევნებამდე.

"ენმ ყველანაირად გამოხატავს თავის პოზიციას, საჯაროდაც და არასაჯაროდაც ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, ის, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატია, ის, რომ მნიშვნელოვანია არჩევნები წარიმართოს მშვიდობიან გარემოში და პროდასავლურ ძალებს, ოპოზიციას და მათ შორის თავისუფალ დემოკრატებსაც უნდა მიეცეთ სრულფასოვანი კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ძალადობისა და დაჭერების გარეშე, ეს არა მხოლოდ უვიზო რეჯიმის პერსპექტივას სჭირდება. ეს ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება", - განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები