ვიზალიბერალიზაცია

დოლიძე EPP-ის პრეზიდენტის განცხადებაზე: ეს იყო ცუდი განცხადება

Facebook/Committee-on-European-Integration-the-Parliament-of-Georgia

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა, ვიქტორ დოლიძემ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული "ცუდი განცხადება" უწოდა. მისივე თქმით, ჯოზეფ დოლის განცხადება რუსეთის ინტერესებშია.

"იმედი მაქვს, რომ ბატონი დოლის განცხადებას სახალხო პარტიის ყველა წარმომადგენელი არ ეთანხმება. ეს იყო ცუდი განცხადება, რუსეთთან დაკავშირებითაც იყო, რაღაც მინიშნებები და მას ვეთანხმები ამ კონტექსტში, რაც თქვა, მაგრამ ამავე დროს, ეს არის სწორედ რუსეთის ინტერესი, რომ დღეს საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში. მე მინდა გითხრათ, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა პუნქტი, საქართველომ ზედმიწევნით სწორად და კარგად შეასრულა. ყველა ის ნაბიჯი, ჩვენ მართლა წარმატებით გადავდგით. აქედან გამომდინარე, ივნის-ივლისში, არითმეტიკული გათვლებით უნდა მიგვეღო. ეს ევროკომისიამა, ბატონმა ავრამოპულოსმაც თქვა, ისევე როგორც ევროკომისიაში, ისე ევროპარლამენტში კეთდებდოა განცხაებები.

მე ერთი რამ მინდა გითხრათ და ავუხსნა ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არ არის თემა, რაღაც ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გასატარებელი. ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემა... თუ ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკური ძალა უნისონშია ბატონი დოლის განცხადებასთან დაკავშირებით, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი", - განაცხადა დოლიძემ.

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტში მისი პარტია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციას.

"ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის მომხრეა. ეს მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომ შეძლონ საზღვარგარეთ სწავლა და მიეცეთ შესაძლებლობა იყვნენ გახსნილი სხვებთან. მაგრამ შევახსენებდი ქართველებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობა იყო, რომელმაც დაიწყო და წინ წასწია მთელი სამუშაო ვიზალიბერალიზაციასა და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო სივრცეზე, რაც ხალხს ავიწყდება. ეს ახალი სტატუსი თანმდევი უნდა იყოს ნამდვილ და დამტკიცებულ რეფორმებთან ქვეყანაში. საქართველო უნდა იქცეს დემოკრატიულ საზოგადოებად არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ მის წინ და მის შემდგომაც. ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი გზით", - განაცხადა EPP-ის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები