საქართველო-რუსეთი

რუსეთის საგარეო უწყება საქართველო-NATO-ს პარტნიორობით შეშფოთებულია

RIA Novosti

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის, ასევე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლებმა, საქართველო-ნატო-ს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

"აფხაზეთის, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს და NATO-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის ზრდასთან დაკავშირებით. ვინაიდან თბილისი კვლავ ინარჩუნებს პრეტენზიებს ორივე დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიებზე, ქართული არმიის თავდასხმითი პოტენციალის გაძლიერება და საქართველო–ნატოს ერთობლივი სამხედრო წვრთნების რაოდენობის ზრდა სოხუმსა და ცხინვალში საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს და ძირს უთხრის მრავალმხრივ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიმართულებით" - აცხადებს სამინისტრო.

ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდი საქართველოს, რუსეთის, შეერთებული შტატების, გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და დე ფაქტო რესპუბლიკების წარმომადგენლების მონაწილეობით, ჟენევაში 22-23 მარტს გაიმართა. მოლაპარაკებებზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის განახლებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ოთხი წლის წინ მას შემდეგ შეწყდა, რაც აფხაზურმა მხარემ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები