2016 წლის პირველ სამ თვეში მთავრობამ 299 მილიონი ლარი დეფიციტურად დახარჯა

iStockPhoto

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემებით, 2016 წლის პირველ სამ თვეში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 1.7 მილიარდი იყო, ბიუჯეტის ხარჯები კი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ იმაზე 300 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე შემოსავალი მიიღო, ამას კი დეფიციტური ხარჯვა ეწოდება და ის ეროვნული ვალუტის კურსისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.

დეფიციტური ხარჯვა მთავრობამ ბიუჯეტის ნაშთებით დააფინანსა. ეს ის თანხებია, რაც გასული წლების მანძილზე ბიუჯეტის შესრულების შედეგად გროვდებოდა. 2016 წლის პირველი იანვრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთი 622 მილიონ ლარს შეადგენდა, დღეს კი ნაშთი 323 მილიონია, რაც საწყის ნაშთთან შედარებით 299 მილიონით ნაკლებია. დეფიციტური ხარჯვა ყველაზე მასშტაბური თებერვალში იყო, ამ დროს ხაზინის მონაცემებით, ნაშთის მოცულობა 241 მილიონი ლარით შემცირდა, რაც თებერვალში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი იყო. მთავრობამ დეფიციტური ხარჯვა მარტშიც გააგრძელა, მარტის პირველ 23 დღეში ნაშთის მოცულობა 58 მილიონით შემცირდა.

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, დეფიციტურმა ხარჯვამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, რაც ლარის სტაბილურობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

კომენტარები