ნოვრუზ ბაირამი

პრემიერი აზერბაიჯანელებს: ჩვენ ერთი ნათელი, უკეთესი მომავალი უნდა ავაშენოთ

Giorgi Kvirikashvili/Fb.com

"ჩვენო თანამოქალაქენო, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. გილოცავთ ახალი წლის დადგომას, გაზაფხულის შემოსვლას; გილოცავთ განახლების, სიყვარულის, სიხარულის დღესასწაულს. ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ!" – პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის ცენტრალურ ქუჩაში სახელდახელოდ მოწყობილი ეთნოკუთხე, ტრადიციული ტკბილეულის სუფრა, ნახატების გამოფენა და სანახაობები დაათვალიერა.

„ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ საერთო, ის, რაც გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლის შენება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვყავს ამდენი პატრიოტი ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვნახეთ გაღიმებული სახეები, ამაღლებული განწყობა, მომავლის იმედი და ჩვენი ყველას ერთად მოვალეობაა, რომ ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი მომავალი. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი აწმყო და ჩვენ ერთი ნათელი, უკეთესი მომავალი უნდა ავაშენოთ. გილოცავთ! გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას", – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. ნოვრუზი სპარსული სიტყვაა და "ახალ დღეს" ნიშნავს. მისი აღნიშვნის ტრადიცია ზოროასტრიზმის (ცეცხლთაყვანისმცემლობა) უძველესი რელიგიიდან იღებს სათავეს და დღეღამსწორობას უკავშირდება.

ითვლება, რომ 21 მარტიდან, როცა დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება, ახალი წელი ბუნების გამწვანებასთან ერთად იწყება. ეს არის დრო, როცა დედამიწა ახალ სიცოცხლეს იწყებს, ხოლო აზერბაიჯანელები და ათზე მეტი სხვა ერი - ახალ წელს.

2010 წელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნოვრუზ ბაირამი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების დღესასწაული, საერთო სახალხო დღესასწაულად გამოაცხადა.

2010 წლის 19 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი "ნოვრუზის საერთაშორისო დღედ" გამოაცხადა და მიესალმა დღესასწაულის აღმნიშვნელ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელს უწყობენ მასთან დაკავშირებული კულტურული ტრადიციების შენახვასა და განვითარებას.

საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეებისთვის ზეიმს ტრადიციული დატვირთვა აქვს, რომელიც კავშირში არ არის ისლამურ რელიგიასთან.

კომენტარები