ფარული ჩანაწერები

"ეს შენ გეხებას" აქცია დასრულდა

კამპანია „ეს შენ გეხებას“ დღევანდელი აქცია-მსვლელობა დასრულდა. უკანონო თვალთვალი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პოლიტიკოსებმა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს უფრო ეფექტური პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტების გამოძიებისას.

„თუ საზოგადოება დაუშვებს, რომ სახელმწიფო მანქანა იყოს გამოყენებული ადამიანის დატერორებისა და საზოგადოების შანტაჟისთვის, ვერავის ექნება გარანტია, რომ მისი უფლება იქნება დაცული“ - განაცხადა აქცია-მსვლელობის დროს საქართველოს ახალგაზრდა იურისტტა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

დღევანდელ აქციაზე შეკრებილებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გავრცელების ეფექტურ გამოძიება, ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა და კანონმდებლობის შეცვლა მოითხოვეს. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციტივით გამოდიან, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კანონდარღვევებს გამოიძიებს.

„აქ შეკრებილი საზოგადოება ვაცხადებთ, რომ არავის პირადი ცხოვრება არ გვაინტერესებს და ამ ვიდეოს გამავრცელებლებს ვეუბნებით, რამდენიც არ უნდა გაავრცელონ, ვერავის ვერ შეაშინებთ და დააშანტაჟებთ“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა, ნინო ლომჯარიამ.

დღევანდელ აქციაზე იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თუმცა მათ შორის არ ყოფილან მმართველი კოალიციის, ქართული ოცნების წევრები.

თბილისის პარალელურად, აქციები ჩატარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორსა და თელავში.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. 14 მარტს კი ინტერნეტში ახალი  ვიდეო აიტვირთა, სადაც მოქმედი პირები იდენტიფიცირებული არ არიან, თუმცა, კადრების გამავრცელებელი მოქმედ პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ახალი მასალის გავრცელებით ემუქრება. ვიდეოს ავტორი მოუწოდებს "მათ, ვისზეც კადრები არსებობს", რომ 31 მარტამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები.  

პროკურატურამ ორივე საქმეზე გამოძიება 157-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენებას ან გავრცელებას და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

კომენტარები