თურქეთი

ქურთულმა დაჯგუფებამ TAK ანკარის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო

AP

ქურთულმა შეიარაღებულმა დაჯუფება TAK-მა 4 დღის წინ ანკარაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. მათი თქმით, ეს იყო პასუხი სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ჯიზრეში ქურთულ შენაერთებზე განხორციელებულ შეიარაღებულ ოპერაციებზე. თუმცა, განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მათი მიზანი არა უდანაშაულო მოქალაქეებზე, არამედ უშიშროების ძალოვნებზე თავდასხმა იყო.

"13 მარტის საღამოს ფაშისტური თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხოციელდა თავდასხმა. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ თავდასხმაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთმა კვირას მომხდარ ანკარის ტერაქტს ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქურთულ ობიექტებზე საჰაერო იერიშებით უპასუხა.

დაჯგუფება TAK-მა, რომელიც ქურთისტანის მუშათა პარტიის ერთ-ერთი განშტოებაა, პასუხისმგებლობა აიღო ერთი თვის წინ ანკარაში მომხდარ ტერაქტზეც.

პოტენციური თავდასხმების საფრთხის გამო გერმანიამ თურქეთში გერმანიის საელჩო, გერმანიის გენერალური საკონსულო სტამბოლში და ანკარაში მდებარე გერმანული სკოლა დროებით დახურა.

ცნობისათვის, 13 მარტს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს აფეთქება მოხდა. მომხდარს 37 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები