თსუ16

აუდიტორია 115-ის წევრები განათლების მინისტრთან შეხვედრაზე უარს ამბობენ

Johan Demetre Nagel/Fb.com

ტაბულას ინფორმაციით, სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115-ის სტუდენტები, განათლების მინისტრის მიერ შეთავაზებულ შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებენ.

სტუდენტების დასათანხმებლად უნივერსიტეტში განათლების მინისტრის მოადგილე გია შერვაშიძე იყო მისული, მან აუდიტორია 115-ის წევრებს შესთავაზა, რომ მათი წარმომადგენელი დასწრებოდა შეხვედრას, რომელშიც განათლების მინისტრი, აკადემიური საბჭოსა და სენატის წევრები, თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობენ, თუმცა შერვაშიძემ უარი მიიღო.

ტაბულას ინფორმაციით, აუდიტორია 115-ის სტუდენტების უარი ორმა ფაქტორმა გამოიწვია. მათ არ სურთ სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ამასთანავე ისინი აყენებენ პირობას, რომ ისინი უნივერსიტეტის შენობის მიღმა დარჩენილი სტუდენტები, რომლებსაც შენობაში პოლიცია არ უშვებს, დაუყოვნებლივ შეუშვან შენობაში. პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი მზად არიან განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შერვაშიძემ უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს პირობა მისცა, რომ მათ მოთხოვნას განათლების სამინისტროში მიმდინარე შეხვედრის მონაწილეებს გააცნობდა და შევეცდებით, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციები 7 მარტს დაიწყო. სტუდენტები ითხოვდნენ, გიორგი გაფრინდაშვილს კანცლერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა. ასევე, უნივერსიტეტის ავტონომიას, ე.წ ოდეერის თსუ-ში ყოფნის საკითხის გამოძიებას და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმას. გუშინ გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, თუმცა, აქციები მისმა მომხრეებმა, სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა დაიწყეს. ისინი მეორე დღეა, რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. თვითმმართველობის წევრები დღეს რექტორის კაბინეტშიც შეიჭრნენ და პაპავას გადადგომის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს

ასევე არ წყვეტს პროტესტს სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115. მათ მოთხოვნას უნივერსიტეტის ავტონომიის, ე.წ ოდეერის თსუ-ში ყოფნის საკითხის გამოძიების და სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმის შესახებ, აკადემიური საბჭოს დაშლაც დაემატა. დღევანდელ ბრიფინგზე სტუდენტებმა პრემიერმინისტრს და განათლების მინისტრს მოუწოდეს, პირადად გაეცნონ სიტუაციას, "რადგან პროცესი გასცდა შიდასაუნივერსიტეტო ფარგლებს".

კომენტარები