თსუ16

სტუდენტები კვლავ თსუ-ს მე-6 კორპუსში რჩებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მე-6 კორპუსი კვლავ სტუდენტებს აქვთ დაკავებული. ისინი მთელი ღამის განმავლობაში შენობაში იმყოფებოდნენ. უნივერსიტეტში შესასვლელი კარი ისევ აჭედილია. აუდიტორია 115-ის წევრების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ და მოთხოვნები კვლავ უცვლელია - შეხვედრა პრემიერმინისტრთან და განათლების რეფორმა.

სტუდენტების მხარდასაჭერად დღეს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აქცია-კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ერეკლე დეისაძე, მაქს მაჩაიძე, მებო ნუცუბიძე და სხვები.

„გარდა საუნივერსიტეტო პრობლემების მოგვარებისა, ჩვენი მიზანია, სახელმწიფოში განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტად ქცევა. ჩვენი პოლიტიკური ელიტა არ არის მზად, განახორციელოს ძირეული ცვლილებები განათლების სისტემაში, შესაბამისად, აუცილებელია, მთელი საზოგადოების მობილიზება. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სახელმწიფოს იძულება, რომ დაიწყოს ძირეული რეფორმები განათლების სისტემაში“ - აცხადებენ სტუდენტები.

მოძრაობა აუდიტორია 115-ის წევრებმა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი გუშინ დილით დაიკავეს. მათ 4 მოთხოვნა წარმოადგინეს.
"VI კორპუსი დაკავებულია შემდეგი მოთხოვნებით:
1. უნივერსიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლობას უნდა ახორციელებდნენ საფაკულტეტო საბჭოებსა და სენატში არჩეული წევრები. ყველა სხვა სტუდენტური სტრუქტურა უნდა გაუქმდეს;
2. დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა;
3. ვითხოვთ პრემიერმინისტრის მოსვლას I კორპუსის #115 აუდიტორიაში (პირობითად 16:00 საათზე). მთავრობის თავმჯდომარემ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს:
- არის თუ არა მზად მმართველი ძალა, წინა ორ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ გასატარებლად. კანონი ამ მოწვევის პარლამენტმა უნდა შეცვალოს!
- გატარდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების რეფორმა 2013 წელს შემუშავებული კონცეფციის მიხედვით; მზად არის თუ არა მთავრობა გარე რეგერირების მექანიზმის დასანერგად; რა იგეგმება უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის ასამაღლებლად;
- გაიზრდება თუ არა უნივერსიტეტის დაფინანსება;
4. ოდეერების საქმის გამოძიება",- ამბობდნენ სტუდენტები.

კომენტარები