ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

სავჩენკოს განაჩენი 21 და 22 მარტს გახდება ცნობილი

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესი დასრულდა. განაჩენს სასამართლო, ტექსტის მოცულობის გამო, ორი დღის განმავლობაში, 21 და 22 მარტს წარმოადგენს.

"სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს 21 და 22 მარტს. სასამართლო დაიწყება 11 საათზე", - თქვა მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ.

ნადეჟდა სავჩენკომ კი დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ თუ მას განაჩენს ერთ კვირაში არ გამოუტანენ, მშრალ შიმშილობას განაგრძობს.

"სასამართლომ მე ერთი კვირის სიცოცხლე მომპარა და ახლა თქვენ გაქვთ ერთი კვირა განაჩენის გამოსატანად. შესაძლოა მე ამ გადაწყვეტილებამდე ვიცოცხლო. თქვენ შეგიძლიათ, მოიქცეთ კარგად და თქვათ, რომ შეცდომა დაუშვით, მაგრამ საკუთარ დანაშაულს, რა თქმა უნდა, არასდროს აღიარებთ. თქვენ შეგიძლიათ, გამოიტანოთ განაჩენი ან ახლავე, ან ხვალვე, ან მაქსიმუმ 1 კვირაში. თუ განაჩენს გამოიტანთ ორ კვირაში ან ნახევარ წელიწადში... გსურთ, რომ ამით გვაჩვენოთ თქვენი ძალა? - გვაჩვენეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვთამაშობთ ამ სიცოცხლეზე, ფსონები მაღალია და მე, ამ შემთხვევაში, არაფერი მაქვს დასაკარგი. მზად ვარ მშრალი შიმშილობისთვის, თუ განაჩენს ერთ კვირაზე უფრო გვიან გამოიტანთ. მე ყველაფერი ვთქვი, განაჩენის გამოტანას არ დაველოდები", -თქვა სავჩენკომ.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს გაცვლისა და სავჩენკოს უკრაინაში დაბრუნების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამგვარი მოლაპარაკებები სასამართლოს დასრულებამდე ვერ წარიმართება.

„მოლაპარაკებები სავჩენკოს გაცვლის შესახებ არ წარმართულა და არც ახლა მიმდინარეობს. ეს ვერ მოხდებოდა ვერც თეორიულად და ვერც პრაქტიკაში მანამ, სანამ სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს", - თქვა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს.

კომენტარები