ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

თავისუფლების მოედანზე სავჩენკოს მხარდამჭერი კიდევ ერთი აქცია მიმდინარეობს

ენმ

თავისუფლების მოედანზე უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს კიდევ ერთი მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სავჩენკო. აქციის ორგანიზატორი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა.

აქციაზე საპარლამენტო უმცირესობამ დეკლარაციის ტექსტი წაიკითხა და მოუწოდა სხვა პარლამენტარებს, ხელი მოაწერონ დეკლარაციას, რის შემდეგაც მას გაგზავნიან საერთაშორისო თანამეგობრობაში.

"ნადეჟდა სავჩენკო ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია პოლიტიკურ პატიმრად. ვინაიდან ნადეჟდა სავჩენკომ საკუთარ დასკვნით სიტყვაში გამოაცხადა შიმშილობა, მათ შორის, მშრალი შიმშილობა; ვინაიდან ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატის და უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებით, მთელს მსოფლიოში, ამა წლის 9 მარტს გაიმართება მისი მხარდამჭერი აქციები, საქართველოს პარლამენტის ფრაქციები და საპარლამენტო ჯგუფები, უცხადებენ ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას გმირ უკრაინელ მფრინავ ნადეჟდა სავჩენკოს, მოითხოვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას და მსოფლიო ლიდერებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ გაათავისუფლონ უკანონო ტყვეობაში მყოფი ნადეჟდა სავჩენკო", - ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში.

ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია თბილისში ღამითაც გაიმართა.

კომენტარები