ეკონომიკური ზრდა

ხადური: ჩვენ გვაქვს მონახაზი თუ როგორ უნდა გადავაჭარბოთ 3%-იან ზრდას

ტაბულა

2016 წელი საქართველოს ეკონომიკამ შენელებით დაიწყო. საქსტატის მონაცემებით, იანვრის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.8% იყო, მთავრობას კი 3%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, იანვარში არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად მთავრობას აქვს მონახაზი თუ როგორ უნდა მოხდეს დაგეგმილი 3%-იანი ეკონომიკური ზრდის გადაჭარბება.

"ჩვენ გვაქვს მონახაზები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ და არამარტო მივაღწიოთ ზრდის ამ მაჩვენებელს. მე გეტყვით რომ დამატებითი ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვა იანვარში 7.2%-ით არის გაზრდილი ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ დარგში ზრდა იყო მაღალი ზოგიერთში კი დაბალი. ჩვენ გავაანალიზებთ ამ სიტუაციას, თუმცა ჩვენ მაკროეკონომიკურ პროგნოზებს წელს არ ვცვლით." - ამბობს ხადური. 

სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. თუკი ეკონომიკური ზრდა ასეთი დაბალი ტემპით გაგრძელდა, მაშინ საქართველო სამიზნე ზრდას ვერ მიაღწევს. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა. 

კომენტარები