ტრანსპორტი

საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 2012 წლიდან კლებულობს

Getty

2015 წლის მანძილზე საქართველოს რკინიგზამ სულ 14.1 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც 2014 წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. ტვირთბრუნვის კლება 2015 წელს არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 30%-ით არის შემცირებული. რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირებამ პორტებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობის შემცირებაც გამოიწვია. ტვირთბრუნვის კლების შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

2011 წლიდან მოყოლებული, რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა ასე გამოიყურება:

  • 2011 წელი - 20.1 მილიონი ტონა
  • 2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა
  • 2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა

ტვირთბრუნვის შემცირების გამო რკინიგზამ გადაზიდვების გაიაფების გადაწყვეტილება მიიღო. 2015 წლის პირველი ივლისიდან ყველა საექსპორტო საქონლის გადაზიდვის ღირებულება 20%-ით შემცირდა. უცნობია, თუ როდის გადააჭარბებს ტვირთბრუნვის მოცულობა 2011 წლის მაჩვენებელს. 

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას 2016 წლიდან ელოდება, როდესაც ახალი აბრეშუმის გზის მარშრუტი ძალაში შევა. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება. სავარაუდოდ, 2016 წელს დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც, რაც საქართველოს ტვირთბრუნვას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

საზღვაო ნავსადგურებიდან ყველაზე მეტად 21%-ით გადაზიდვები ფოთის ნავსადგურში შემცირდა, 10%-ით შემცირდა ბათუმის ნავსადგურის გადაზიდვები. ყულევის ნავთობ ტერმინალის გადაზიდვები კი 15%-ით გაიზარდა. 

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

კომენტარები