ECRI-ის ანგარიში

ECRI: დაავალეთ რელიგიის სააგენტოს რელიგიათა საბჭოსთან თანამშრომლობა

რელიგიათა საბჭო
tolerantoba.ge

ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოს შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. შემაჯამებელ დასკვნაში კომისია აღნიშნავს, რომ ახლადშექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არ აქვს ცხადი მანდატი რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად და მათი რელიგიური პოლიტიკის შემუშავების სტრატეგია, საუკეთესო შემთხვევაში, ძალიან ორაზროვანი და ბუნდოვანია. 

ECRI აღნიშნავს, რომ მედიაციის მექანიზმებში, რომლებიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შექმნა ჭელას მსგავს ისლამოფობიურ ინციდენტთა შემდგომ, ჩართულნი არ იყვნენ სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ექსპერტები, რომელთაც რელიგიურ დაძაბულობათა საკითხზე დიდი გამოცდილება შეიძინეს რელიგიათა საბჭოს მეშვეობით. გაუგებარია, ეს ძვირფასი გამოცდილება რატომ არ გამოიყენება რელიგიათაშორისი დავების მოგვარებისას.


"ECRI იძლევა რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაზარდოს თავისი მხარდაჭერა რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ეგიდით საქმიანობს. კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა დაავალოს ახალშექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომ ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გამოიყენოს მისი გამოცდილება და რეკომენდაციები რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემის მოსაგვარებლად", - ნათქვამია ანგარიშში. 

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ თანდართულ კომენტარებში ნათქვამია, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო არ იზიარებს ამ რეკომენდაციას.

კომენტარები