თბილისის მერია

ტრანსპორტის ასოციაცია: მერიამ შესაძლოა газ-ის მარკის ავტობუსები შემოიყვანოს

amerikiskhma.com

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ცნობით, თბილისის მერიამ შესაძლოა "газ-ის" მარკის ავტობუსები შემოიყვანოს. მათი მტკიცებით, ყველა ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა დედაქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტით რუსულმა კომპანიამ უზრუნველყოს. თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ "ეს ინფორმაცია არ არის სწორი". ტაბულას მერიაში უთხრეს, რომ "გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი, და ყველა კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, შეუძლია მონაწილეობის მიღება, ანუ მერიას ამ წუთში ფიზიკურად ვერაფერი ვერ ექნება გადაწყვეტილი, იმიტომ, რომ ტენდერი ჯერ არ დასრულებულა. ტენდერი დასრულდება და გამოვლენილი კომპანია გამოცხადდება მხოლოდ მას შემდეგ".

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია კი აცხადებს, რომ GazGroup-ის დისტრიბუტორი კომპანია "სტრადა აუტოს" დირექტორმა დავით ზაუტაშვილმა არ გამორიცხა თბილისის ავტოპარკის განახლების ტენდერში მონაწილეობა.

"საქართველოში რუსული კომპანია GazGroup-ის გამოჩენა იყო სრულიად მიუღებელი. რუსული კომპანია ღიად თანამშრომლობს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან და აღიარებს მის დამოუკიდებლობას. ვინაიდან მის ოფიციალურ ვებგვერდზე აფხაზეთი მოხსენიებულია დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამონათვალში. ამავე დროს, კომპანია GazGroup-ის რამოდენიმე ოფისი (ფილიალი) ფუნქციონირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. GazGroup-ის ოფიციალური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში კი გახდა კომპანია "სტრადა გრუპი," რომელიც ამ გადაწყვეტილებით ეწევა ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას", - აცხაფებს ასოციაცია და აღნიშნავს, რომ GazGroup-ის პრეზენტაციას, ფილარმონიაში დაესწრნენ ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე.

"ჩვენ ჯერ კიდევ გასულ წელს გამოვთქვამდით ეჭვს, რომ GazGroup-ის დანაშაულებრივად შემოყვანის შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურები ფარულად გეგმავდნენ "გაზელის" მარკის ავტომობილების შეძენას. გასულ წელს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა შეიძინა ათეულობით "გაზელი," რითაც დაარღვია მოქმედი კანონმდებლობა. ახალი ავტომობილების პრეზენტაციაზე პირადად იმყოფებოდა დავით ნარმანია, მაგრამ რუსული წარმოების ავტომობილების შესახებ არც არაფერი თქმულა. ქალაქის მერმა სცადა ინფორმაციის დამალვა. GazGroup-ს სერიოზული გეგმები აქვს სამომავლოდ და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შემდეგი ეტაპი იქნება სამაშველო და სახანძრო სამსახურებისთვის "გაზელების" შესყიდვა, ვინაიდან რუსული კომპანიის ბიზნესის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს სპეცავტომობილები.

სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს GazGroup-ის დისტრიბუტორი კომპანია "სტრადა აუტოს" დირექტორი დავით ზაუტაშვილიც და ის არ გამორიცხავს, რომ "газ-ის" ავტობუსები შემოიყვანონ, რომლებიც ჯერ არ არის ქართულ ბაზარზე. მისი თქმით, კომპანია სხვადასხვა ტენდერში მონაწილეობს და შესაძლოა თბილისის ავტოპარკის განახლების ტენდერითაც დაინტერესდეს, ვინაიდან რუსული "газ-ის" წარმოების ავტობუსები დედაქალაქის სატრანსპორტო მოთხოვნებს შეესაბამება. ასე, რომ სრულიადაც არ იქნება გასაკვირი, რომ დედაქალაქელებმა მალე "газ-ის" ავტობუსებით იმგზავრონ", - აცხადებს ტრანსპორტის და გზების ასოციაცია და აღნიშნავს, რომ გაზელის ავტომობილები წარმოადგენენ ძალიან დაბალი კლასის ავტომობილებს.

"ნებისმიერი განცხადება, რომ ეს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, არის სიცრუე. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ასეთი დაბალი ხარისხის პროდუქციით საგანგებო-სამაშველო სამსახურების აღჭურვას, ვინაიდან ეს შეიძლება გახდეს ფატალური შედეგების მიზეზი. მოვითხოვთ: 1.აეკრძალოს ბიზნეს საქმიანობა GazGroup-ს საქართველოში, ვინაიდან ის არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს. 2. შესწავლილ იქნას, რა სამართლებრივი საფუძვლით გახდა "სტრადა აუტო" რუსული კომპანიის წარმომადგენელი. 3. სამართლადამცავმა ორგანოებმა შეიწავლონ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული შესყიდვის პროცესის კანონიერება. 4.ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გააკეთონ საჯარო განმარტება, აღნიშნულ ანტისახელმწიფოებრივი ფაქტის შესახებ", - ნათქვამია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები