ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი, მთავრობას და კახა კალაძეს მოუწოდებს, ცხადად განმარტონ საქართველოს პოზიცია გაზპრომთან მოლაპარაკებების დროს. რატიანმა გაზპრომის საწინააღმდეგო აქციის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 6 მარტის აქციისთვის მნიშვნელოვანია შედეგი.
"დღეს კალაძემ კვლავ სრულიად არაადეკვატური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებები გრძელდება, რომელიც დიდი ალბათობით ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება“. მინდა, ვუთხრა მთავრობას და კალაძეს - მათ აქვთ დრო, ცხადი განცხადებები გააკეთონ, როგორია ჩვენი პოზიცია გაზპრომთან მოლაპარაკებების დროს. არანაირი დაიმედება ნათელ მომავალზე არაა სანდო, საზოგადოება არ ენდობა ამ დაპირებებს. ამიტომ, ჩვენ ვაცხადებთ - გვექნება აქცია და ქართული საზოგადოება მთავრობის პოლიტიკას ამ მიმართულებით გააპროტესტებს. ჩვენთვის აქციები თვითღირებულებას არ წარმოადგენს, მნიშვნელოვანი შედეგი, ამიტომ მათ აქვთ დრო, დააფიქსირონ მკაფიოდ თავიანთი პოზიცია“, - თქვა რატიანმა.
ცნობისთვის, დღეს კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გაზპრომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში დასრულდება და "მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ჩვენს ქვეყანას“.