კალაძე: ვმუშაობთ, რათა შაჰ-დენიზის მილსადენიდან დამატებითი გაზი წამოვიღოთ

facebook.com/kakhakaladzeofficial

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ რუსულ და აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები საბოლოო ეტაპში მას შემდეგ შევა, რაც 29 თებერვალს ბაქოში სოკარისა და შაჰ-დენიზის საერთაშორისო კონსორციუმთან გაიმართება შეხვედრები. კალაძის თქმით, ამ დროისთვის მოლაპარაკებები შაჰ-დენიზის მილსადენიდან დამატებითი მოცულობების წამოღების თაობაზე მიმდინარეობს. პარასკევს ვენაში გაზპრომის ხელმძღვანელობასთან გამართული შეხვედრის შესახებ კი, კალაძის თქმით, რუსულ მხარესთან კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არაა. 

"კონკრეტიკა ჯერ არაფერი არ არის, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, ალბათ რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება ყველაფერი. 29 თებერვალს მაქვს ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც შევხდები სოკარის ხელმძღვანელობას, ასევე გვექნება შეხვედრა შაჰ-დენიზის კონსორციუმთან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს შაჰ-დენიზის მილსადენში დამატებითი მოცულობების წამოღება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, რომ გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ და შემდეგ უკვე გვექნება სურათი იმისა, თუ როგორ დავასრულებთ მოლაპარაკებებს გაზპრომთან. მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების სწრაფად დასრულებას მოვახერხებთ", - ამბობს ვიცეპრემიერი.

საუბარია საქართველოზე გამავალ შაჰ-დენიზის მილსადენზე, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. ამ გაზსადენში დამატებითი ბუნებრივი აირის მიწოდების შემთხვევაში გაზპრომთან მოლაპარაკებები საქართველოს ბუნებრივი აირის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო აღარ იქნება.

კომენტარები