ტრანსპორტი

პრემიერი: შევქმნით ქუთაისისა და სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალს

Wictor Dabkowski / Zuma Wire

ქუთაისს სამხრეთ საქართველოსთან ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი დააკავშირებს, ასევე შეიქმნება თბილისისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი. ამ და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყების ინიციატივის არსებობის შესახებ პრემიერმა ბიზნესასოციაციებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, "შეიქმნება ჩონჩხი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკა აშენდება". დღეისთვის კი არცერთი ეს პროექტი 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული არაა.

"ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი, კერძოდ, ქუთაისისა და სვანეთის დამაკავშირებელი გზა, ეს არის გორისა და რაჭის დამაკავშირებელი გზა და ეს არის რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ, კონკრეტულად კი ქუთაისისა და სამხრეთ საქართველოს დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც ფაქტიურად შეკრავს მთელ ქვეყანას და იმ ჩონჩხს განავითარებს, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკა უნდა აშენდეს. ასევე ვგეგმავთ ლარსისა და მცხეთის დამაკავშირებელ მაგისტრალს. და კიდევ მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა, ასევე თბილისიდან კახეთის გავლით აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა, რომელიც იქნება ის ჩონჩხი, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკა უნდა აშენდეს", - ამბობს კვირიკაშვილი.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ გამართულა. უცნობია, თუ რა წყაროების მეშვეობით მოხდება ამ პროექტების დაფინანსება და თუ არიან მის განვითარებასა და შემუშავებაში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. თუკი პროექტები დონორების დაფინანსებით აშენდება, ეს საქართველოს საგარეო ვალს რამდენიმე პროცენტით გაზრდის. 

კომენტარები