თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი უქმდება

დავით ნარმანია
თბილისის მერია

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი უქმდება. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. გუშინდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ იგეგმება მერიის ა(ა)იპ-ებისა და სსიპ-ების გაერთიანება, რათა რესურსები სწორად მობილიზდეს და გადანაწილდეს. კერძოდ, თბილისის მეწარმეობის ხელშემწყობი ცენტრი ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს შეუერთდება. ამავე სამსახურში გაერთიანდება ტექნოლოგიური განვითარების ფონდიც. 

მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი დედაქალაქის მერიაში 2015 წლის მარტის პირველი ნახევრიდან ამოქმედდა. თბილისის მერის მაშინდელი განცხადებით, „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი მოემსახურება და წაახალისებს ინვესტორებს დედაქალაქში ახალი სამრეწველო, სამშენებლო, ტურისტული და მომსახურებების სხვა დარგებში კაპიტალდაბანდებების, პირველ რიგში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ადგილობრივი ინვესტორების ხელშეწყობის მიმართულებით. ცენტრი, ასევე, ხელს შეუწყობს დამწყებ მეწარმეებს ბიზნესუნარების განვითარებაში“.

თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს დედაქალაქის ყოფილი ვიცემერი ალექსანდრე მარგიშვილი ხელმძღვანელობდა.

კომენტარები